ფეხბურთი

2:00 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “არსენალმა” მოიგო, მერსისაიდელებმა ვერ ივარგეს

პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მეორე სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. “არსენალმა” სამი ქულის მოპოვება მოახერხა, ხოლო “ევერტონმა” და “ლივერპულმა” ქულები დაკარგეს.

“არსენალი” “ემირეითს სთედიუმზე” “ბრაიტონს” დაუხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ლონდონელები მთელი მატჩის განმალობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და სტუმრები მეტიუ რაიანს უნდა უმადლოდნენ, რომ განადგურებელი სხვაობით არ წააგეს - ავსტრალიელმა კიპერმა 10 სეივი განახორციელა. ლონდონელებმა ორივე ტაიმში თითო გოლის გატანა შეძლეს: მე-16 წუთზე საკუთარი გუნდის ხანგრძლივი შტურმი ნაჩო მონრეალმა დააბოლოვა, ხოლო 56-ე წუთზე მასპინძელთა შესანიშნავი კომბინაცია აივობმა დაასრულა სათანადოდ – 2:0.

“ევერტონმა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მაგრად იაქტიურა, საწყისი ორი ტურიც ძალიან კარგად ჩაატარა (ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც “სიტის” ქულა აართვა) და ისე ჩანდა, თითქოს რონალდ კუმანის გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა, თუმცა “კანფეტებს” აშკარა ჩავარდნა დაეწყოთ და უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ოთხი წააგეს. მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე “ბარნლის” დაუხვდნენ და უქულოდ დარჩნენ. ანგარიში 21-ე წუთზე ჰენდრიკმა გახსნა და ამის შემდეგ მასპინძლები უდიდეს სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ. ეს განსაკუთრებით მეორე ნახევარზე ითქმის, როდესაც სტუმრებს პიკფორდის კარისკენ საერთოდ არ გაუხედიათ, თუმცა მათ “ევერტონის” მასობრივ იერიშებს გაუძლეს და შინ სამი ქულით დაბრუნდნენ – 0:1.

ტურის დასკვნითი შეხვედრა “სენტ ჯეიმს პარკზე შედგა, სადაც მეორე მერსისაიდული კლუბი “ლივერპული” “ნიუკასლს” ესტუმრა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: ანგარიში 29-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ ულამაზესი შორეული გასროლით გახსნა, ხოლო შვიდ წუთში ჯონჯო შელვიმ მშვენიერი გადაცემით ხოსელუ მეკარესთან პირისპირ დატოვა და ესპანელმა ფორვარდმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და რამდენჯერმე მეორე გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში ვერ ივარგეს და მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს – 1:1.

არსენალი – ბრაიტონი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მონრეალი (16), 2:0 აივობი (56)

ევერტონი – ბარნლი 0:1 (0:1)

გოლი: ჰენდრიკი (21)

ნიუკასლი – ლივერპული 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კოუტინიო (29), 1:1 ხოსელუ (36)

0.205298