ფეხბურთი

21:26 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" - ლიდერამდე არცთუ შორია  

ქუთაისის "ტორპედომ" 2:0 მოუგო "საბურთალოს" და ოთხი ქულითღა ჩამორჩება ლიდერ თბილისის "დინამოს".

თამაშის დასაწყისი მასპინძლებისა იყო და მალევე გაიტანეს გოლი: გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებას ლევან კუტალიას თავური მოჰყვა და ანგარიში ასე გაიხსნა. სხვათა შორის, მანამდე ერთი წუთით ადრე, ქუთაისელებმა ძელს მოარტყეს ბურთი. დიდხანს უტევდნენ მარჯვენა ფლანგიდან და საბოლოოდ, გოლითაც დააგვირგვინეს.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ცოტნე ნადარაია უხეშად შეცდა და შემდეგ წესები დაარღვია ცოტნე კაპანაძის წინააღმდეგ. ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი... 10 კაცით "საბურთალოს" კარგი პერსპექტივა არ ელოდა და საბოოლოდ, "ტორპედომ" მეორე გოლიც გაიტანა.

ლაშა კუჭუხიძის პასის შემდეგ, კუტალია წააქციეს და გიორგი კუხიანიძემ ზუსტად შეასრულა პენალტი - 2:0. ეს კუხიანიძის მეცხრე გოლია სეზონში და აქედან ხუთი პენალტით აქვს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი კუტალიას დავასახელებდით, რომლის მოქმედებებმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა.

მამუჩაშვილის ამბავი

მეორე ტაიმში უსიამოვნო ეპიზოდი ვნახეთ. ტორპედოელმა გუგა ფალავანდიშვილმა შორიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი სახეში მოხვდა ვლადიმერ მამუჩაშვილს, რომელმაც გონება დაკარგა.

მატჩი კარგა ხანს გაჩერებული იყო, სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა მოედანზე და "საბურთალოს" ნახევარმცველი საავადმყოფოში წაიყვანეს. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა: მამუჩაშვილი გონს მოვიდა.

ეროვნული ლიგა. 28-ე ტური

ქუთაისი. რამაზ შენგელია

ტორპედო (ქუთაისი) - საბურთალო (თბილისი) 2:0 (1:0)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გ.გურული, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, კუხიანიძე, კუტალია, დოლიძე (კორობკა 79), კაპანაძე (ტუღუში 88), კუჭუხიძე (ბერიაშვილი 82)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, ცნობილაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი (კოხრეიძე 70), თარხნიშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე, ვოლკოვი (ბიძინაშვილი 77), მუეცი (ლაკვეხელიანი 55)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 კუტალია (11), 2:0 კუხიანიძე (72 პენ)

გაფრთხილება: კუხიანიძე - თარხნიშვილი

გაძევება: ნადარაია (51)

მსაჯი: ვადაჭკორია

0.112498