ფეხბურთი

22:20 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეას ბრემე: "ანჩელოტის გათავისუფლება გაუგებარია"

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი ანდრეას ბრემე “ბაიერნიდან” კარლო ანჩელოტის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. როგორც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, მიუნხენური გუნდიდან იტალიელი დაუმსახურებლად გაათავისუფლეს.

მისი თქმით, “ბაიერნის” პრობლემა მენეჯმენტშია და არა მთავარ მწვრთნელში:

“ყველა დიდ ფეხბურთელს სურს, რომ ყოველთვის გამარჯვებული იყოს. ბოლო ხანებში ანჩელოტიმ რამდენიმე მართლაც სათადარიგო სკამზე დატოვა, მაგრამ მასაც ჰქონდა მიზეზები: ათამაშებდა მათ, ვინც უკეთეს ფორმაში იყო. რიბერი და რობენი 33-34 წლის ასაკში არიან და შესაბამისად, ახალგაზრდები არ არიან. ანჩელოტის გათავისუფლების გადაწყვეტილება ული ჰიონესმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა მიიღეს, მაგრამ მე მთლიანად კარლოს პოზიციას ვიჭერ.

პეპ გვარდიოლა საუბრობდა ძალიან ცოტას, როგორც მედიასთან, ისე ფეხბურთელებთან, და ყველა კმაყოფილი იყო. ანჩელოტი კი პირიქით. ანჩელოტის პერიოდში “ბაიერნის” სათამაშო დონე არ შეცვლილა და დაცემულა გვარდიოლასთან შედარებით. არ მგონია, პრობლემა იმაში ყოფილიყო, რომ ანჩელოტის სტაფში ბევრი იტალიელი გახლდათ.

“ბაიერნი” ბოლო წლებში ევროპის საუკეთესო გუნდი არასდროს ყოფილა. ბუნდესლიგაში ასეა, მაგრამ ევროპაში ისინი “ბარსელონას”, “რეალს” და რამდენიმე გუნდს ჩამორჩებიან. ახლა საუბრობენ, რომ იულიან ნაგელსმანმა უნდა ჩაიბაროს “რეკორდმაისტერი”, მაგრამ “ბაიერნი” სხვა დონეა”, - განაცხადა ბრემემ.

შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტი “ბაიერნიდან” ორი დღის წინ დაითხოვეს. მიზეზად რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტი დასახელდა. ამჟამად გერმანულ გიგანტს ვილი სანიოლი ავარჯიშებს, თუმცა დროებით. გერმანულ მედიას თუ დავეყრდნობით, “ბაიერნის” ახალი მწვრთნელად ყველაზე დიდი ალბათობით ტომას ტუხელი მოგვევლინება.

0.13706