ძიუდო

19:46 | 29.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილის მონაგარი - ოქრო და 700 ქულა

საქარათველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

პრესტიჟულ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ქართველი მსუბუქწონოსანი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და იაპონელ დაი აოკის 2 წუთსა და 19 წამში მოუმთავრა საქმე. შემდეგ მეტოქეს – აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვს ერთი წამით ნაკლები მოანდომა – მოწინააღმდეგე ვაზარიზე დასცა, მაგრამ მსაჯებმა სადიგოვი სახიფათო ვარდნის გამო მოხსნეს.

ნახევარფინალში პაპინაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ევროპის ვერცხლის პრიზიორ (2011) ბეთქილ შუკვანს დაუპირისპირდა, რომელიც ბოლო წლებში თურქეთის ნაკრების რიგებში გამოდის, ბექირ ოზლუს სახელით. პაპინაშვილი და ოზლუ აქამდე ერთმანეთს საერთაშორისო შეჯიბრებებზე ორჯერ დასჭიდებოდნენ და საერთო ანგარიში 2:0 იყო ამირანის სასარგებლოდ.

ხორვატიულ ტატამზე გამართული ბრძოლის შემდეგ ურთიერთშეხვედრებში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. პაპინაშვილმა მომგებიანი ვაზარი საფინალო გონგამდე 6 წამით ადრე შეასრულა. ფინალში კი კიდევ ერთი უცხოელი ქართველის – რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძის პირისპირ მოუწია დადგომა. პირად შეხვედრებში მასთანაც დამაჯერებელი დადებითი ბალანსი (2:0) ჰქონდა და ამ შემთხვევაშიც კიდევ უფრო დაწინაურდა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს ტურში შემავალ პრესტიჟულ შეჯიბრებებში ამირან პაპინაშვილი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე მეექვსედ ავიდა. ხორვატიული ტრიუმფით მან 700 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა და მსოფლიოს რეიტინგში მესამე პოზიციიდან მეორეზე აინაცვლებს.

ზაგრების გრან პრიზე საქართველოს ნაკრები მხოლოდ ორი სპორტსმენითაა ჩასული. სამდღიანი შეჯიბრების ბოლო დღეს – 1 ოქტომბერს ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) გავა.

0.118789