მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტის გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი, რის გამოც იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობა შეწყდა, გუნდში შექმნილი არაჯანსაღი სიტუაცია იყო.
“გუნდს ვერ უხელმძღვანელებთ, თუ მისი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები თქვენს წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ბოლო დღეებში მწვრთნელმა საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი ხუთ მნიშვნელოვან ფეხბურთელთან. ასეთი სიტუაციის გაგრძელება შეუძლებელი იყო, ამიტომ უნდა გვემოქმედა” - განაცხადა ჰიონესმა.
კარლო ანჩელოტი “ბაიერნს” 2016 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ, იტალიელ სპეციალისტს განსაკუთრებით არიენ რობენთან და ფრანკ რიბერისთან გაურთულდა ურთიერთობა.
კლუბის ხელმღვანელობამ ანჩელოტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ-სთან განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ მიიღო. ცნობილია, რომ ბუნდესლიგის უახლოეს შეხვედრაში “ჰერტასთან” მიუნხენელებს ვილი სანიოლი გაუძღვება და ამ თამაშის შემდეგ გამოცხადდება ანჩელოტის შემცვლელის ვინაობა.