ფეხბურთი

10:07 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: ქართველები ყურადღების ცენტრში

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 24 შეხვედრა გაიმართება. ადრეც აღვნიშნეთ და ახლაც განვიმეორებთ, ჯგუფები ისეა დაკომპლექტებული, რომ ძნელია რომელიმე შეხვედრას გამორჩეული ან ცენტრალური ვუწოდოთ. რა თქმა უნდა, არის შედარებით საინტერესო დაპირისპირებებიც, თუმცა ისეთი ნამდვილად არა, რომ მასშტაბური ყურადღება გამოიწვიოს. ამიტომაც, ჩვენი ყურადღება უმეტესად ქართველ ლეგიონერებზე და მათ კლუბებზეა მიპყრობილი.

დავიწყოთ მოსკოვის “ლოკომოტივით”. F ჯგუფის პირველ ტურში გუნდებს გოლები არ გაუტანიათ და სრული თანაფარდობაა. სოლომონ კვერკველიას გუნდი ამჯერად საკუთარ მოედანზე “ზლინს” დაუხვდება და ფავორიტადაც ითვლება. “რკინიგზელები” რუსეთის ჩემპიონატშიც კარგად თამაშობენ, მე-2 ადგილზე არიან და თუ “ამკართან” მოულოდნელ საშინაო მარცხს არ ჩავთვლით, ბოლო პერიოდში მათთვის ყველაფერი სასურველად მიმდინარეობს. 25 წლის ქართველი მცველი მშვენიერ ფორმაშია. გარდა იმისა, რომ დაცვაში საიმედოა, შეტევაშიც კარგად ერთვება და უკვე სამი გოლი აქვს გატანილი. ის ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ამავე ჯგუფში “შერიფი” “კოპენჰაგენს” უმასპინძლებს.

გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი “არსენალი” გასვლაზე “ბატეს” დაუპირისპირდება. არსენ ვენგერმა დიდი ხნის წინ განცხადა, რომ ევროპა ლიგაზე შედარებით გადახალისებული შემადგენლობით ათამაშებდა გუნდს და ასეც იქცევა. დღესაც რამდენიმე ისეთი მოთამაშე იქნება სასტარტო თერთმეტეულში, რომელთაც პრემიერლიგაში შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. სამწუხაროდ, მასპინძელთა რიგებში კვლავ არ ელიან ვაკო გვილიას თამაშს.

მეორე მატჩში უქულოდ მყოფი “კიოლნი” “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლებს.

ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს “ვიტესი”. ჰოლანდიური კლუბი გასვლაზე “ნიცას” დაუპირისპირდება და ეს მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. თუ გურამ კაშიას გუნდი დამარცხდება, ჩამორჩენა უკვე 6 ქულა იქნება და პლეი-ოფში გასვლისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ. “ვიტესმა” წინა მატჩში “ლაციოს” წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, გასულ კვირას ჰოლანდიის ჩემპიონატში გასვლაზე “აიაქსი” დაამარცხა და ფრანგულ კლუბთან უშანსოდ ნამდვილად არ უნდა იყოს. ქართველი მცველი, რომელმაც “აიაქსს” პირველი ბურთი გაუტანა, რასაკვირველია სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს.

ჯგუფის მეორე მატჩში, “ლაციო” და “ვარეგემი” რომში გაარკვევენ ურთიერთობას.

პირველ ტურში განცდილი მძიმე საშინაო მარცხის შემდეგ “ვარდარი” მდგომარეობის გამოსწორებას ნორვეგიაში შეეცდება, სადაც ჯაბა ჯიღაურის გუნდი “როსენბორგს” ესტუმრება, რომელმაც წინა მატჩში ასევე მწარე მარცხი იწვნია “სოსიედადისგან”. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს კლუბები თითქმის თანაბარი სიძლიერის არიან, თუმცა მასპინძლებს ერთი სერიოზული უპირატესობა აქვთ – ევროთასებზე თამაშის გამოცდილება და გამორიცხული არაა, რომ ამ კომპონენტმა სერიოზულად იჩინოს თავი. ქართველ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში ელიან.

ამ ჯგუფის მეორე მატჩი კი შეიძლება, დღის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თამაშად მივიჩნიოთ. “ზენიტი” შინ “სოსიედადს” დაუხვდება.

სხვა მატჩებიდან ყველაზე საინტერესო “ლიონის” და “ატალანტას” ჯახია. იტალიურმა კლუბმა პირველ ტურში “ევერტონი” უშანსოდ გაანადგურა და ამის ფონზე, ეს შეხვედრა უფრო მეტ ინტერესს იძენს. კიდევ ერთი იტალიური კლუბი, “მილანი” კი შინ “რიეკას” ხვდება და სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

A ჯგუფი

23:05 მაკაბი - ვილიარეალი
19:00 ასტანა - სლავია

B ჯგუფი

23:05 პარტიზანი - დინამო (კ)
23:05 შკენდერბიუ - იანგ ბოისი

C ჯგუფი

23:05 ბრაგა - ბაშაქშეჰირი
23:05 ლუდოგორეცი - ჰოფენჰაიმი

D ჯგუფი

23:05 აეკი - აუსტრია
23:05 მილანი - რიეკა

E ჯგუფი

23:05 ლიონი - ატალანტა
23:05 ევერტონი - აპოელი

F ჯგუფი

23:05 ლოკომოტივი - ზლინი
23:05 შერიფი - კოპენჰაგენი

G ჯგუფი

21:00 ლუგანო - სტიაუა
21:00 პლზენი - ბირ შევა

H ჯგუფი

21:00 ბატე - არსენალი
21:00 კიოლნი - ცრვენა ზვეზდა

I ჯგუფი

21:00 ზალცბურგი - მარსელი
21:00 ქონიასპორი - გიმარაეში

J ჯგუფი

21:00 ოსტერსუნდსი - ჰერტა
21:00 ბილბაო - ზორია

K ჯგუფი

21:00 ნიცა - ვიტესი
21:00 ლაციო - ვარეგემი

L ჯგუფი

21:00 როსენბორგი - ვარდარი
21:00 ზენიტი - სოსიედადი

0.114634