საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ რუმინეთთან მატჩამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და მაყურებელს თამაშზე მისვლისკენ მოუწოდა. როგორც ზვიადმა გვითხრა, გუნდი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის.
„შანსი ძალიან დიდია. საბრძოლველად 100%-ით მზად ვართ. წინასწარ არ მიყვარს პროგნოზების კეთება თუ რა როგორ იქნება, თუმცა ვიცით, რომ გავალთ ყველაფერს დავდებთ, რომ მოვიგოთ. ეს რა შედეგს გამოიღებს თამაშის შემდეგ გეტყვით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ.
გულშემატკივარს ყოველთვის ვეუბნებოდი - მოდით, ნახეთ რა გუნდი ვართ. მოვიდნენ და ნახეს რა გუნდიც ვართ. ამ ბოლო ეტაპზე, რომ გვერდში არ დაგვიდგეთ, ეს ღალატის ტოლფასია, ღალატი კი არ არის კარგი საქციელი“, - გვითხრა კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის მატჩი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 20:30 საათზე დაიწყება.