ფეხბურთი

20:29 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: "ვერ გადმოვცემ, წარმოუდგენელი ემოცია იყო"
"მინდა კარიერაში პირველი ტიტული მოვიგო და ამისთვის არაფერს დავიშურებ"

საქართველოს ნაკრებისა და “კრასნოდარის” ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი 6 თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. თორნიკემ მძიმე ტრავმა მიმდინარე წლის 13 მარტს მიიღო და სარეაბილიტაციო პერიოდი ნახევარ წელიწადს გაუგრძელდა.

ქართველი ფეხბურთელი მინდორს ერთი კვირის წინ, “ანჟისთან” დაპირისპირებისას დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.

“კრასნოდარის” ოფიციალურ ვებგვერდზე თორნიკეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც სწორედ განვლილ 6 თვეს მიეძღვნა.

- თორნიკე, 6 თვე გავიდა ტრავმიდან. რა მოხდა მაშინ, თითქოს ასეთი სერიოზული არაფერი იყო?

- შეცვლაზე ჩავერთე თამაშში და როგორც ჩანს, ზედმეტი მოვინდომე (იღიმის). ძალიან მინდოდა გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი და მთელ მოედანზე, წინ და უკან დავრბოდი. მართლაც არ იყოს სერიოზული შეჯახება, მაგრამ “ლოკომოტივის” მოედანზე სინთეტიკური ბალახის საფარია და ალბათ, ქაცვი რაღაცას გამოედო. თავიდან არ მეგონა, რომ ჯვარედინი იოგების პრობლემა მქონდა. არც განსაკუთრებული ტკივილი მქონია. მინდოდა მოედანზე დავბრუნებულიყავი, რომ გუნდი 10 კაცის შემადგენლობით არ დამეტოვებინა, რადგან სამივე ცვლილება გამოყენებული გვქონდა. თუმცა, ექიმებმა ამის უფლება არ მოცმცეს და მათ მადლობას ვუხდი ამისთვის – თამაში რომ გამეგრძელებინა, კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შევიქმნიდი.

- ეს თქვენს კარიერაში პირველი სერიოზული დაზიანება იყო?

- დიახ, პირველი. მანამდეც ვყოფილვარ ტრავმირებული, მაგრამ ადრე ორ კვირაზე მეტი არასდროს გამომიტოვებია.

- როგორ განვლო მკურნალობამ და რეაბლიტაციამ?

- ტრავმა 13 მარტს მივიღე. 15-ში უკვე გერმანიაში გავფრინდი, ხოლო 16 მარტს ოპერაცია გავიკეთე. კლინიკაში რამდენიმე დღე გავატარე. ოპერაციის შემდგომი ტკივილები საშინელება იყო – 4 დღის განმავლობაში არ მეძინა, ტკივილგამაყუჩებლებიც ვერ მშველოდა. შემდეგ დავბრუნდი კრასნოდარში და სარეაბილიტაციო კურსის გავლა დავიწყე გუნდის ექიმთან, ალექსანდრ იაცენკოსთან. თავიდან მუხლს ხელით ვიმუშავებდი, რომ განვითარებულიყო. მერე სპეციალურ ტრენაჟორებზე დავიწყე ვარჯიში. შემდეგ იყო ინდივიდუალური ვარჯიშები, ხოლო აგვისტოში გუნდთან ერთად დავიწყე ვარჯიში, მაგრამ შუზღუდვებით. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი, 3-4 საათი. ეს იყო ძალიან რთული, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ დაბრუნება მსურდა, უნდა გამეძლო. სექტემბრიდან სრული დატვირთვით ვახერხებ ვარჯიშს, მუხლი არ მაწუხებს და თავს კარგად ვგრძნობ.

- რომელი პერიოდი იყო ყველაზე რთული?

- პირველი ორი თვე ძალიან მძიმე გახლდათ. დამოუკიდებლად ვერ დავდიოდი, დამოუკიდბელად ვერ ვბანაობდი, მაგრამ ოჯახი გვერდით მედგა და მხარს მიჭერდნენ. ისინი ყველაფერში დამეხმარნენ.

- კიდევ ვინ დაგეხმარათ რთულ პერიოდში?

- ყველა მხარს მიჭერდა. გერმანიაში გაფრენამდე “კრასნოდარის” პრეზიდენტმა დამირეკა და გამამხნევა. სერგეი გლაცკიმ მითხრა, რომ არ ინერვიულო, შენთან ვართ და დარწმუნებული ვარ დაბრუნებიო. მისი სიტყვები მორალურად ძალიან დამეხმარა. გვერდში დგომას ვგრძნობი თანაგუნდელებისგან, პერსონალისგან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ექიმებს. გარდა ამისა, თითქმის მთელი საქართველო მისურვებდა მოედანზე სწრაფად დაბრუნებას. დამირეკეს როგორც საფეხბურთო წრიდან, ისე – არასაფეხბურთოდან. ასევე, უბრალოდ უცნობი ადამიანებიც მამხნევებდნენ. დიდი მადლობა ყველას.

- ამ ტრავმამ შეგცვალათ, როგორ ფეხბურთელი და ადამიანი?

- დიახ. გავიგე რა შეიძლება იყოს რეალური პრობლემა და რომ, ცხოვრება რთულია. შევიცვალე აზროვნება და ვაფასებ იმას, რაც მაქვს.

- რას გრძნობდით, როდესაც 6 თვის შემდეგ მოედანზე დაბრუნდით?

- არ ვიცი გრძნობები როგორ გადმოგცეთ. პირველ რიგში არ მჯეროდა, რომ ეს მოხდა. მეუღლემ დამირეკა და მანაც იგივე მკითხა, მაგრამ ვერ ავუხსენი რას ვგრძნობდი იმ მომენტში. წარმოუდგენელი ემოცია და ადრენალინი იყო, არასდროს გამომიცდია აქამდე. მითუფრო, რომ გოლის გატანა მაშინვე მოვახერხე.

- გოლის ეპიზოდს როგორ გაიხსენებთ?

- შარლზ კაბორემ ცენტრიდან ბურთი სმოლოვს გადააწოდა. ფედია კი დიდ ხანს მელოდა, მანამ, სანამ არ გავიხსენი. ალბათ უდნოდა, რომ გოლი გამეტანა და კარგი პასი მომცა. მინდა მას ამისთვის მადლობა ვუთხრა. ისღა დამრჩენოდა, შანსი გამომეყენებინა.

- ალბათ არასდროს დაგავიწყდებათ “ზენიტის” კარში გატანილი გამარჯვების გოლი, რომელიც გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს. სად და როდის გაიგეთ ამის შესახებ და რა რეაქცია გქონდათ?

- შვებულებაში ვიყავით მთელი გუნდი, მე – საქართველოში. არც ვიცოდი, რომ გამოკითხვა იყო, მაგრამ როდესაც შედეგები შეჯამდა, ფეისბუქში ვიღაცამ ეს ინფორმაცია ჩამიგდო. მადლობა ვუხდი გულშემატკივრებს, რომ არჩევანი ჩემს გოლზე გააკეთეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ოჯახის წრეში აღვნიშნე (იღიმის).

- სად ინახავთ პრიზს?

- სახლში მაქვს.

- თვალსაჩინო ადგილზე?

- ისეთ ადგილას, რომ ბავშვები ვერ მისწვდნენ და არ დააზიანონ (იღიმის).

- თანაგუნდელები “ოქრის” გეძახიან. ქართულად ეს ოქროს ნიშნავს, თუმცა კარიერაში ჯერ ოქროს მედალი არ მოგიგიათ...

- დიახ, ოქროს მედალი ჯერ მართლაც არ მომიგია და ძალიან მინდა, რომ ეს “კრასნოდარის” შემადგენლობაში მოხდეს. ჩემმა მეგობარმა, ჯანო ანანიძემ მიამბო, რამდენად მაგარი გრძნობაა ჩემპიონობა და მინდა იგივე განვიცადო. მინდა, ჩემს კარიერაში პირველი სერიოზული ტიტული მოვიპოვო და ამისთვის არაფერს დავიშურებ.

0.120418