ფეხბურთი

17:53 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამი მეოთხედის შემდეგ: გოლები, ციფრები და საუკეთესო ფეხბურთელი

ეროვნული ლიგის 27-ე ტური და შესაბამისად, მესამე წრეც დასრულდა. ლიდერი გამოკვეთილია და მაინც, თბილისის “დინამოს” ჯერ არაფერი გაუნაღდებია.

რაც შეეხება ევროტურნირების ზონას, შესაძლოა, მეოთხეადგილოსანიც გავიდეს ევროპა ლიგაზე. ეს იმ შემთხვევში, თუ თასს პირველ, მეორე, ან მესამეზე გასული გუნდი მოიპოვებს. მეოთხე პოზიციაზე ამჯერად “ლოკომოტივია”, თუმცა შორს არ არიან “საბურთალო” და “ჩიხურაც”.

ცხრილის ქვედა ნაწილში მკაფიოდ ჩანს, რომ ბოლოადგილოსანი და ბოლოსწინაადგილოსანი, ალბათ, წინ ვეღარ დაიძვრებიან. ახლა საკითხავია, რომელი იქნება ის მესამე გუნდი, რომელიც მერვეზე გავა და პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა: “დილა”, ან “დინამო ბათუმი”.

ზოგად სტატისტიკაზე დავწერთ და ასევე, ჩვენი ვერსიით მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელსაც დავასახელებთ.

ჩემპიონატის 135 მატჩში გასულია 380 გოლი, ანუ საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,8 ბურთი.

მხოლოდ მესამე წრე რომ ავიღოთ, 45 თამაშში 143 გოლი გავიდა და აქედან ყველაზე მეტი თბილისის “დინამომ” შეაგდო – 23. სხვათა შორის, მესამე წრეში გახშირდა დიდი ანგარიშები. 11-ჯერ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა მეორეს სამი, ან მეტი ბურთის სხვაობით სძლია, თუმცა ეს ყველგან ხდება. მთლიანობაში, ჩემპიონატი მაინც დაძაბულ რიტმში მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ 54 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, 56 სტუმრებმა, ხოლო 25 ფრედ დასრულდა. მოკლედ, სტუმრებს აქვთ უპირატესობა.

მესამე წრის ცხრილი

საბურთალო 9 5 3 1 22:6 18
სამტრედია 9 5 3 1 16:8 18
ლოკომოტივი 9 6 0 3 18:14 18
დინამო თბ 9 4 3 2 23:12 15
ტორპედო 9 4 3 2 13:9 15
ჩიხურა 9 4 2 3 11:16 14
დინამო ბთ 9 4 0 5 10:18 12
დილა 9 3 0 6 12:20 9
შუქურა 9 1 2 6 12:20 5
კოლხეთი 9 0 2 7 6:21 2

სატურნირო მდგომარეობა 27 ტურის შემდეგ

საუკეთესო - ხარაიშვილი

ასეთად გიორგი ხარაიშვილს დავასახელებდით. გოლები თბილისის “დინამოსთან”, “ლოკომოტივთან”, “ტორპედოსთან”... მშვენიერი პასები, თამაშის გაშლა, საკუთარი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმომდე ბურთის მიტანა – კარგად გამოსდიოდა ეს ყველაფერი და მისი დიდი დამსახურებაა, რომ “საბურთალო” მეოთხე ადგილისთვის იბრძვის.

“რობი” (ხარაიშვილის მეტსახელი) იმ სტილის ფეხბურთელია, გემოვნებიან გულშემატკივრებს რომ მოსწონთ. ის 21-წლამდელთა ნაკრების ლიდერია და ალბათ, ეროვნულ გუნდშიც დაიმკვიდრებს ადგილს.

0.116287