ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი და მისი თანამოაზრეები სუპერლიგის მოთამაშეებს შეხვდნენ.
მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი, რომლის პრეზიდენტი გიორგი ცინცაძეა, წევრები კი საქართველოს ეროვნული ნაკრების, სუპერლიგის და ა ლიგის მოთამაშები, შიო ხეცურიანის კალათბურთის განვითარების 10-წლიან სტრატეგიას გაეცნენ.
პროცესში, მოთამაშეები რამდენიმე საინტერესო ინიციატივით გამოვიდნენ. კერძოდ, გიორგი ცინცაძემ ისაუბრა სუპერლიგის ყველა მოთამაშის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დისკუსია გაიმართა, სუპერლიგის კლუბების მოთამაშეებთან საკონტრაქტო ურთიერთობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, მოთამაშეების უმრავლესობას კლუბებთან ერთწლიანი კონტრაქტები აკავშირებს. მოთამაშეთა გაერთიანების კავშირს სურს, რომ გუნდებმა მათ განკარგულებაში არსებული მოთამაშეების მინიმუმ 30%-ს 2 ან მეტწლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.
ასევე, რამდენიმე დღის წინ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ შეიტანა ცვლილება რეგულაციაში და გაზარდა ლეგიონერების ლიმიტი ჩემპიონატში. მოქმედი რეგულაციით, სუპერლიგის გუნდს აქვს უფლება შეიყვანოს განაცხადში 5 ლეგიონერი და მოედანზე გაიყვანოს 4. კალათბურთელები ითხოვდნენ ამ მოცემულობის 4/3-ზე გადაყვანას, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ხელს უშლის ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების პროგრესს. შიო ხეცურიანმა ისაუბრა შუალედურ ვარიანტზე - 5 ლეგიონერი განაცხადში - 3 მოედანზე, რაც უფრო მოქნილი და რეალიზებადია.
მოთამაშეთა გაერთიანების კავშირის განცხადებით, მათ კალათბურთის ფედერაციას გადაუგზავნეს აღნიშნული ინიციატივები და ელოდებიან რეაგირებას.
შიო ხეცურიანის პროგრამის გაცნობისას, მხარეებმა რეგიონების, ბავშვთა კალათბურთის, მწვრთნელების, მსაჯების და ქალთა კალათბურთის მიმართულებით არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს. დეტალურად გაეცნენ პრეზიდენტობის კანდიდატის ხედვას უახლოესი 10 წლის განმავლობაში კალათბურთის განვითარებაზე.
მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი