17 წლის ნატალია ოთხმეზური ჩეხეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „ჰრადეც კრალოვე სოკოლში“ გადავიდა. ქართველი კალათბურთელი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ქალთა საკალათბურთო ლიგაში ითამაშებს და იმ გუნდის ღირსებას დაიცავს, რომელიც ჩეხეთის ვერცხლის პრიზიორია, ხოლო ბოლო 3 წელია, მყარად არის ქვეყნის პრიზიორ გუნდებს შორის.
ნატალია ოთხმეზურმა დიდი გამოცდილება მიიღო როგორც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, ასევე გოგონათა ეროვნულ ჩემპიონატებში. ოთხმეზურმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ჩვენი ქვეყნის ღირსება 16 და 18-წლამდელთა ნაკრებებში დაიცვა და გუნდის გამორჩეული ლიდერი იყო.
წლეულს კი ნატალიამ საქართველოს ნაკრებს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში ულიდერა და ტურნირის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ოთხმეზური სისტემატიურად თამაშობდა საქართველოს 16, 19 და ქალთა ეროვნულ ჩემპიონატებში.
პირველად ნატალია ოთხმეზური კლუბ „ბასტიონში“ გამოჩნდა, საიდანაც საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. იგი გახლავთ ქალთა ლიგის ბოლო 2 წლის ჩემპიონი და ყველა იმ ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.
2016 წელს ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის C დივიზიონში ოთხმეზურის ლიდერობით საქართელოს ნაკრები ჩემპიონი გახდა, ხოლო ნატალია ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამავე წელს ოთხმეზურმა საქართველოს ღირსება დაიცვა 18-წლამდელთა C დივიზიონში, რომლის MVP გახდა, ხოლო საბოლოოდ ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
პერსპექტიულმა ქართველმა გოგონამ უცხოელი სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო და ყველაფერი ოთხმეზურის ჩეხურ გუნდში გადასვლით დასრულდა. ნატალიამ უკვე მიიღო ჩეხეთის სამუშაო ვიზა და ევროპაში გაემგზავრა. ჩეხეთში წასვლამდე ოთხმეზურმა „ჰრადეც კრალოვესთან“ კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 1 წლით გარანტირებულია და დამატებით 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივასაც გულისხმობს.
ნატალია ოთხმეზური „ჰრადეც კარლოვეში“ 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
gbf.ge