ჭადრაკი

20:45 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფინალისტებმა პირველი პარტია ფრედ დაასრულეს

მსოფლიო თასის გათამაშება ჭადრაკში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს, სასტუმრო ბილტმორში ფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკმაოდ მრავალი მაყურებელი თუ საპატიო სტუმარი ადევნებდა თვალს.

დამსწრე აუდიტორიას მონაწილეები ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა წარუდგინა.

მატჩს ესწრებოდნენ საპატიო სტუმები: საქართველოს პარლამენტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

ფინალში ერთმანეთს მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის მეორე ნომერი ლევონ არონიანი (სომხეთი 2802 და მეთერთმეტე დინ ლიჟენი (ჩინეთი 2771) დაუპირისპირდნენ. მეტოქეებმა დასაწყისშივე გაცვალეს ლაზიერები და თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. შეხვედრა მშვიდობიანი გამოდგა და პარტია ფრედ 1/2:1/2 დასრულდა.

დასაწყისში ტურნირის მთავარმა არბიტრმა, ტომაშ დელეგამ მოთამაშეებს წარმატება უსურვა და პარტია თეთრი ფიგურებით მოასპარეზე არონიანმა დაიწყო, რომელსაც პირველი სვლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა შეურჩია.

“დარწმუნებული ვარ ფინალი ძალიან საინტერესო და უშეღავათო იქნება, რადგან ძალიან საინტერესო მოჭადრაკეები გავიდნენ. ვიმედოვნებ, რომ ეს გენერალური რეპეტიცია გახდება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს ოლიმპიადას საქართველომ მაღალ დონეზე უმასპინძლოს”, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

ფინალური მატჩი ოთხი კლასიკური პარტიისგან შედგება და ფინალში გამარჯვებული 120 ათასი დოლარით დაჯილდოვდება, დამარცხებული კი 80 ათას დოლარს მიიღებს.

მეორე პარტია ხვალ გაიმართება და თეთრი ფიგურებით დინ ლიჟენი იასპარეზებს.

0.134355