საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა “უნიკახას” შემადგენლობაში პირველად ითამაშა. 28 წლის კალათბურთელმა მალაგური კლუბის მაისური სადებიუტოდ ესპანეთის სუპერთასის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩში “ვალენსიას” წინააღმდეგ მოირგო.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17:29 წუთი დაჰყო და ამ დროის განმალობაში 3 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა თავი. გიორგიმ ორიდან ერთი ორქულიანი და ასევე ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. მისი გუნდი კი, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონთან 78:83 დამარცხდა.
ცნობისთვის, ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასი საფეხბურთო სუპერთასისგან განსხვავებული ფორმატით ტარდება და აქ ოთხი კლუბი იღებს მონაწილეობას. მეორე 1/2 ფინალურ მატჩში “გრან კანარიამ” მადრიდის “რეალს” 73:64 მოუგო.
ესპანეთის სუპერთასის ფინალური შეხვედრა დღეს საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.