ბუენოს აირესის “რივერ პლეიტი” კოპა ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში გავიდა. თუმცა, მარსელო გალიარდოს გუნდისთვის ამის გაკეთება პირველი მატჩიდან გამომდინარე სულაც არ იყო ადვილი.
“რივერი” მეოთხედფინალში “ვილსტერმანს” დაუპირისპირდა ბოლივიაში 0:3 წააგო. ბუნებრივია, მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ არგენიტნული გრანდი თითქმის განწირული იყო და ნახევარფინალში სწორედ ბოლივიელებს უნდა ეთამაშათ. თუმცა, საპასუხო მატჩი, “მონუმენტალზე” წინ იყო...
გარდა ამისა, ბევრს დაავიწყდა, რომ ლა პასი, ზღვის დონიდან 3 660 მეტრზე მდებარეობს და იქ ფეხბურთის თამაში მასპინძლების გარდა, როგორც წესი ყველას უჭირს. ჰოდა, “რივერმა” ნორმალურ, ადამიანურ და ჩვეულ პირობებში საქმეს ხელი რიხიანად მიჰყო.
არგენტინელებს სამბურთიანი ჩამორჩენა უკვე მე-19 წუთისთვის ჰქონდათ გაბათილებული, ხოლო საბოლოოდ, მეტოქე დედამიწის პირისაგან აღგავეს და ნახევარფინალში გავიდნენ – 8:0.
აქვე გეტყვით, რომ “რივერ პლეიტი” ნახევარფინალში არგენტინულ “ლანუსს” შეხვდება, ხოლო მეორე წყვილი ასეთია: ბრაზილიური “გრემიო” და ეკვადორული “ბარსელონა”.