საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ორი დღის წინ, თბილისში, 12 ქულიანი სხვაობით წააგო და აქედან გამომდინარე მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მცირე ჰქონდა.
ბადალონაში კი სასწაული არ მოხდა – “ხუვენტუტი” ნათლად გამოჩნდა, რომ ქართულ კლუბზე მაღლა იდგა და საბოლოოდ შემდეგი ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვა. აღსანიშნავია რომ, როგორც თბილისურ მატჩში, ახლაც, გადამწყვეტი მატჩის მეორე ტაიმი და მეტწილად, დასკვნითი პერიოდი გამოდგა.
“დინამო” მეტოქეს თავიდანვე ჩამორჩა, მაგრამ მეორე მეოთხედი დიდებულად ჩაატარა (20:10) და დიდ შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდა. ეს რა თქმა უნდა, მცირე, მაგრამ მაინც იმედს სახავდა. და მაინც, მეორე ნახევარში “ხუვენტუტმა” საქართველოს ჩემპიონი ყველა კომპონენტში დაჩაგრა. მაგალითისთვის, ესპანელებმა ბოლო პერიოდი 16 ქულიანი უპირატესობით მოიგეს და საბოლოოდ, შეხვედრაც სოლიდური სხვაობით მათივე სასარგებლოდ დასრულდა – 86:66.
“დინამოს” შემადგენლობაში საუკეთესო ილია ლონდარიძე იყო – ქართველმა ცენტრმა არასრულ 15 წუთში მეტოქეს 17 ქულა ჩაუგდო. აღსანიშნავია, რომ ლონდარიძემ საოცარი პროცენტული მაჩვენებლი დააფიქსირა: საჯარიმოები ცხრიდან შვიდი (77.78%) და ორქულიანი შვიდიდან ხუთი (71.53%). კარგი თამაში ჰქონდა ნიკოლა გაჩეშას: სერბი ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან – 14 ქულა და 9 მოხსნა. ურიგოდ არც კაელ ტურპინი გარჯილა, რომლის მონაგარმა 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 დაფარება შეადგინა.
თბილისური შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად “დინამოს” ვერ ულიდერა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. “სკიტა” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და საერთოდაც, პარკეტზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა. ამ დროში კი, გამოცდილმა კალათბურთელმა გუნდს ოდენ 2 ქულა შესძინა.
თბილისის “დინამო” ევროტურნირებზე გამოსვლას მარცხის მიუხედავად არ ასრულებს – ირაკლი ხოშტარიას გუნდი ახლა ერთი საფეხურით დაბალ, ფიბას თასზე გააგრძელებს ასპარეზობას.
“ხუვენტუტი” – “დინამო” 86:66 (23:16, 10:20, 23:16, 30:14)
“დინამო”: ბოიდი: 22:21 წთ, 5 ქულა, 5 პასი. გრძელიძე: 15:48 წთ, 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი. სთორი: 16:46 წთ, 3 ქულა, 5 მოხსნა. ლონდარიძე: 14:29 წთ, 17 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი. ტურპინი: 19:17 წთ, 10 ქულა, 5 მოხსნა, 4 დაფარება. ფაცაცია: 24:17 წთ, 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა. გაჩეშა: 33:11 წთ, 14 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი. ბერიშვილი: 23:42 წთ, 9 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. გოგოძე: 19:55 წთ, 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა. ცქიტიშვილი: 10:09 წთ, 2 ქულა.