გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩში ბრძოლა არ შედგა. “ბაიერნმა” “შალკე” გაანადგურა და მარტივად მოიპოვა მორიგი სამი ქულა.
მიუნხენელები გელზენკირხენში დანაკლისით ჩავიდნენ და თავის მხრივ, მასპინძლები მატჩს კარგ ფორმაში შეხვდნენ. ბუნებრივია, “ხუმარები” იმედოვნებდნენ, რომ მრისხანე მეტოქეს ახლა მაინც გაუწვედნენ წინააღმდეგობას, მაგრამ... კარლო ანჩელოტის შეგირდებმა თამაშის ბედი მალევე გადაწყვიტეს. რობერტ ლევანდოვსკიმ მატჩში გახსნა ანგარიში, ხოლო მერე ხამეს როდრიგესმა პირადი ანგარიში გახსნა “ბაიერნში”. წერტილი არტურო ვიდალმა დასვა – 0:3. “ბაიერნმა” 12 ქულა დააგროვა და გალიდერდა. თუმცა, “ჰანოვერი” და “დორტმუნდი” მეხუთე ტურის თამაშებს ოთხშაბათს ჩაატარებენ.
“გლადბახმა” “შტუტგარტი” პრობლემების გარეშე დაამარცხა – ვეტერანმა ბრაზილიელმა “შვაბების” კარი ორჯერ აიღო და “ბორუსიამ” სეზონში მეორე თამაში მოიგო.
სამაგიეროდ, მეორედ დამარცხდა ვიცე-ჩემპიონი “ლაიფციგი”. მარკ ჰასენჰუტლის გუნდი ხელმოცარული “აუგსბურგში დარჩა – გრეგორიტშმა დასაწყისშივე გაიტანა, მაგრამ “რედ ბულმა” მიუხედავად დიდი დროისა, ვერაფერი შეცვალა და შინ უქულოდ გაბრუნდა.
მარტინ შმიდტის დებიუტი შედგა “ვოლფსბურგში”, მაგრამ “მგლებმა” სამი ქულა მაინც ვერ მოიპოვეს. დივოკ ორიჯის გოლით მასპინძლები იგებდნენ, თუმცა ბრემენის “ვერდერმა” შეხვედრის გადარჩენა მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლით მაინც მოახერხა.
“გლადბახი” – “შტუტგარტი” 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 რაფაელი (57), 2:0 რაფაელი (74, პენ)
“აუგსბურგი” – “ლაიფციგი” 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 გრეგორიტში (4)
“შალკე” – “ბაიერნი” 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (25, პენ), 0:2 ხამესი (29), 0:3 ვიდალი (75)
“ვოლფსბურგი” – “ვერდერი” 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ორიჯი (28), 1:1 ბარტლესი (56)