გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერს მიმდინარე სეზონის ნახევარი გაუცდება. როგორც “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი იტყობინება, 31 კიპერს მარცხენა ფეხზე ოპერაცია წარმატებით გაუკეთდა, ხოლო თამაშს მიმდინარე წელს ვეღარ მოახერხებს.
მანუელის დაბრუნებას 2018 წლის იანვრისთვის ელოდებიან:
“ძალიან სამწუხაროა – მანუელ ნოიერი ისევ ტრავმირებულია. ახლა, რაც ყველაზე მთავარია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ჩვენი კაპიტნის დაბრუნებას ველოდებით. ეს იანვარში მოხდება”, - თქვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
თავის მხრივ, ნოიერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო, თუმცა ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მადლობა ყველას თბილი შეტყობინებებისთვის”, - დაწერა ნოიერმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა მიმდინარე წლის აპრილში ერთი ოპერაცია უკვე გაიკეთა და მოედანს აგვისტოში დაუბრუნდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ლაზარეთში ხანგრძლივი ვადით გადანაცვლება ისევ მოუწია.