ფეხბურთი

16:48 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდის სტადიონზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ქალაქ ზუგდიდში მშენებარე სტადიონზე სკამების მონტაჟისა და მინდვრის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ზუგდიდის მერიის პრესსამსახური იტყობინება, მშენებლობის პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, საბოლოო სახეს კი სტადიონი 2018 წელს მიიღებს. პროექტის განხორციელებაზე საერთო ჯამში 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ზუგდიდის ახალი არენა, რომელიც ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს, უეფას სტანდარტების III კატეგორიას უპასუხებს და 7233 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტის თანახმად, სტადიონს აქვს მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის.

ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ძირითად მოედანზე ბუნებრივ საფარს აგებენ, ხოლო სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი იქნება.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "დაგი" აწარმოებს.

0.230698