კალათბურთი

1:00 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: სერბეთი ფინალშია

ევრობასკეტ 2017-ის 1/2 ფინალური ეტაპის დასკვნით მატჩში სერბეთის ნაკრებმა რუსეთის დამარცხება მოახერხა და ფინალში გავიდა.

ბალკანელები მთელი შეხვედრის განმალობაში წინ იყვნენ და თამაშს აკონტროლებდნენ, თუმცა რუსები იბრძოდნენ და მეტოქე მაინც ბოლომდე ანერვიულეს. სერბეთმა პირველი ნახევარი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და შესვენებას 14-ქულიანი უპირატესობით შეხვდა.

რუსები მეორე ტაიმში უფრო გამოცოცხლდნენ, რამდენიმეჯერ მეტოქეს 5 ქულამდე მიუახლოვდნენ, თუმცა სერბები ფხიზლად იყვნენ და კომფორტული უპირატესობის მოპოვებას უმალ ახერხებდნენ. საბოლოოდ ალექსანდრ ჯორჯევიჩის შეგირდებმა 87:79 იმარჯვეს.

კვლავ შეუჩერებელი გახლდათ ალექსეი შვედი, რომელმაც 33 ქულა, 2 მოხსნა და 5 გადაცემა დააგროვა, თუმცა გუნდელებმა საკადრისად ვერ აუბეს მხარი და მისი შესანიშნავი გარჯა ამჯერად უშედეგო გამოდგა. სერბთაგან ბრწყინვალენი იყვნენ ბოგდან ბოგდანოვიჩი (24 ქულა, 3 მოხსნა, 4 გადაცემა, 2 ჩაჭრა) და ბობან მარიანოვიჩი (18 ქულა, 6 მოხსნა, 4 გადაცემა, 1 ბლოკი).

ამრიგად, ევრობასკეტ 2017-ის ფინალში ერთმანეთს ბალკანური ქვეყნები სლოვენია და სერბეთი დაუპირისპირდებიან, ხოლო მესამე ადგილოსნის ვინაობას ესპანეთის და რუსეთის ნაკრებები გამოავლენენ.

რუსეთი – სერბეთი 79:87 (20:25; 14:23; 23:18; 22:21)

17 სექტემბერი

მესამე ადგილისთვის

18:00 ესპანეთი – რუსეთი

ფინალი

22:30 სლოვენია - სერბეთი

0.128272