ფეხბურთი

14:52 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის მაისური და ლევანდოვსკის ფილოსოფია, რა ხდება “ბაიერნში”? (+VIDEO)

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნში” მდგომარეობა დღითი დღე რთულდება და კლუბის ხელმძღვანელობისგან უახლოეს პერიოდში მკაცრი ზომების მიღებას ელიან.

კლუბში არსებული არაჯანსაღი სიტუაცია სააშკარაოზე რამდენიმე დღის წინ რობერტ ლევანდოვსკის ინტერვიუს შემდეგ გამოვიდა. პოლონელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ახლა ფეხბურთში უფრო მნიშვნელოვანი ფულია, ვიდრე კლუბის მიერ წლების წინ დამკვიდრებული ფილოსოფიის ერთგულება. იქვე დანანებით დაამატა, “ბაიერნს” არ ძალუძს დღევანდელ მოთხოვნებს ფეხი აუწყოს და პსჟ-ს ან “ბარსელონას” ამ მხრივ კონკურენცია გაუწიოსო.

ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა კარლ ჰაინც რუმენიგეს პასუხი, რომელმაც ლევანდოვსკი საჯაროდ გააფრთხილა, კლუბის ხელმძღვანელობის, მწვრთნელისა და თანაგუნდელების მიმართ მეტ პატივისცემას თუ არ გამოიჩენ, საქმე პირადად ჩემთან გექნებაო. ისიც აღნიშნა, რობერტს პსჟ-ში გადასვლა სურდა, ამიტომ წუხს, მაგრამ გაიხსენოს “ბაიერნში” რამდენს გამოიმუშავებსო.

პოლონელი ფეხბურთელის განცხადებამ მისი თანაგუნდელების გაღიზიანებაც გამოიწვია. ჟურნალისტებთან საკუთარი აზრი არიენ რობენმა გამოხატა და ლევანდოვსკის სიტყვები ეგოიზმის გამოვლინებად შეაფასა.

ამ ყველაფერს ახლახან კიდევ ერთი არასასასიამოვნო ფაქტი დაემატა, ამჯერად ყურადღების ცენტრში ფრანკ რიბერი მოექცა. ფრანგი ნახევარმცველი “ანდერლეხტთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში (3:0) 78-ე წუთზე შეცვალეს, რამაც ის გააღიზიანა და სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალმა გუნდის მაისური ძირს მოისროლა.

რიბერის ეს საქციელი ხელმძღვანელთა მხრიდან უყურადღებოდ ალბათ არ დარჩება, თუმცა კლუბს დროულად რეაგირებისკენ მოუწოდა არაერთმა სპეციალისტმა და “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა. მათ შორისაა დიტმარ ჰამანი, რომელმაც რიბერის მკაცრად დასჯას მოითხოვს.

“რიბერის საქციელი მიუღებელია. არ შეიძლება კლუბის, გულშემატკივრების, მწვრთნელისა და თანაგუნდელების მიმართ ასეთი უპატივცემულობის გამოვლენა. კლუბზე მაღლა არცერთი ფეხბურთელი არ დგას და ეს ყველას უნდა ესმოდეს. “ბაიერნმა” რიბერი მკაცრად უნდა დასაჯოს” - მიიჩნევს ჰამანი, რომელიც მიუნხენელთა ღირსებას 1993-1998 წლებში იცავდა.

0.132886