საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მოკრძალებული შედეგით – ვერცხლისა და ბრინჯაოს თითო მედლით დაასრულა. 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, რომელსაც ათენმა უმასპინძლა, ქართველ ჭაბუკთაგან ყველაზე შედეგიანად გიორგი გეგელაშვილმა (46 კგ) იჭიდავა – პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა. გიორგი ჭოლაძემ (42 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
გიორგი გეგელაშვილმა ფინალის გზაზე ბერძენი იოანის მარტიდისი (10:0), აზერბაიჯანელი ტოფიგ ალიევი (6:1) და ყაზახეთის ნაკრების წევრი ადლან ასკაროვი (10:6) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ამერიკელ კურტ ნამდი მაკჰენრი ჯუნიორთან წააგო (4:12) და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ამჯერად ვერცხლი მიამატა.
გიორგი ჭოლაძემ ჩემპიონატი უძლიერესი მეტოქის – რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან ბაგავუდინოვის ძლევით გახსნა – 10:5. შემდეგ კანადელ გრეგორ ედვარდ მაკნეილს მოუგო (10:0). მეოთხედფინალში კი უზბეკ უმიჯონ ჯალოლოვთან დამარცხდა (4:6) და ცოტა ხანში ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც უზბეკმა ფინალის საგზური მოიპოვა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ჭოლაძემ ირანელ მეჰდი მერდად ვეისს დამატებითი მაჩვენებლის უპირატესობით აჯობა (6:6). გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქი იუსუფ ერიუჩელი 10:0 დაამარცხა.
ფინალურ ბლოკში ლაშა ბაირამოვმა (76 კგ) და სოლომონ მანაშვილმაც (100 კგ) იჭიდავეს, მაგრამ მედლის გარეშე დარჩნენ.
ბაირამოვმა ძირითად ბადეში პირველსავე წრეში წააგო, ამერიკელ აარონ მარკელ ბრუკსთან (2:12), რომელიც შემდეგ ფინალამდე მივიდა და ჩვენებურს რეპეშაჟის გზა გაუხსნა. ბრინჯაოს მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების წევრმა გერმანელი ალექს ჰორნერი ჩამოიშორა (10:8). ნახევარფინალში კი უკრაინელ ოლექსანდრ ვიშნიაკთან ვეღარას გახდა (0:7).
"ბრინჯაოს ფინალამდე” სოლომონ მანაშვილსაც (100 კგ) ერთი ნაბიჯი დააკლდა. საქართველოს ნაკრების უმძიმესმა წევრმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, მომავალ ფინალისტთან – რუსეთის ნაკრების წევრ ისმაილ-ბეკ ნიროვთან წაგებით (0:11). იქამდე მანაშვილმა სომეხი მარტინ სიმონიანი (10:0) და თურქი ანილ ბერკან კილიჩალაიანი (5:4) ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ტემრაზ ისმაილოვთან 7:8 დამარცხდა.
ვლადიმერ გამყრელიძემ (54 კგ) და დავით ქოჩქიანმაც (85 კგ) მეოთხედფინალში დაკარგეს ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი, მაგრამ სოლომონ მანაშვილისგან განბსხვავებით, რეპეშაჟში ვერ გადაერთნენ, რადგან მათმა მძლეველებმა ნახევარფინალში წაიფორხილეს.
გამყრელიძე ბერძენი ხრისტოს ხრისტოფორიდისისა (10:0) და ბულგარეთის ნაკრების წევრ მეჰმედ ჰასან მეჰმედის (4:2) ძლევის შემდეგ, მექსიკელ რობერტო ალეხანდრო ბლანკოსთან დამარცხდა (0:7).
ქოჩქიანმა კი ბელარუს ალექს მატორნის (4:1) და ყირგიზ არსლანბეკ ტურდუბეკოვს (10:0) აჯობა და მსოფლიოს ხალიჩაზე გამოსვლა ინდოელ სანდიპ სინხ მანთან წაგებით (3:4) დაასრულა.
ქართული ათეულის ოთხმა წევრმა: დიმიტრი სალდაძემ (50 კგ), თორნიკე ქათამაძემ (58 კგ), გიორგი ელბაქიძემ (63 კგ) და ბაგრატ გაგნიძემ (69 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს.
სალდაძე თურქ დოგან კარასთან დამარცხდა (2:10), ქათამაძეც თურქ მეტოქესან - ჩავიტ აკართან ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა ჩემპიონატს (10:11). ელბაქიძემ ამერიკელ ჯეიკორი ტიმერთან წააგო (4:9), გაგნიძემ - სომეხ დავით გევორქიანთან (0:12).