საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა, მაგრამ ცოტა ხანში არანაკლებ მნიშვნელოვანი ტურნირი ელის– მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.
ეს ისტორიული ფაქტია, რადგან პირველად ხდება, რომ მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპი იმართება. შესარჩევი ტურნირი ორ ნაწილად იქნება დაყოფილი და მასში 32 ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს კი, საბოლოოდ 12 ნაკრები მიიღებს.
პირველი შესარჩევი ციკლი მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დაიწყება და 2018 წლის ივნისში დასრულდება. 32 ნაკრები უკვე გადანაწილებულია 8 ოთხგუნდიან ჯგუფში. ხსენებული ჯგუფებიდან და მეორე რაუნდში თამაშის უფლებას3-3 ნაკრები მიიღებს. რის შემდგომაც, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და თითო ქვეჯგუფიდან 3-3 საუკეთესო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. მეორე რაუნდი 2018 წლის სექტემბერში დაიწყება და 2019 წლის თებერვალში დასრულდება. ბუნებრივია, რომ ორივე ეტაპზე მატჩები მიმოსვლით, “შინ-სტუმრად” პრინციპით გაიმართება.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მთავარი საკალათბურთო გუნდი პირველ რაუნდში G ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას სერბეთი, გერმანია და ავსტრია გაუწევენ. ჯგუფი ნამდვილად რთულია, მაგრამ დაძლევადი. რაც შეეხება მეორე რაუნდს, თუ ილიას ზუროსის ნაკრები მეორე ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, H ჯგუფის გუნდებთან მოუწევს ჩინეთში გასამგზავრებელი ბილეთებისთვის ბრძოლა. აღნიშნულ ქვეჯგუფში კი, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებები არიან.
შესაბამისად, მეორე შესარჩევ რაუნდში G და H ჯგუფების 6 წარმომადგენელი ახალ ჯგუფს შექმნის და მსოფლიო ჩემპიონატის3 საგზურს გაითამაშებს. საინტერესოა, რომ მეორე ეტაპზე გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულებიც გადაჰყვებათ, ბოლოადგილოსანთან მატჩების შედეგების გამოკლებით.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპს საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს დაიწყებს. მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ევროპის ჩემპიონტზე მტკივნული მარცხი გვაგემა. 27 ნოემბერს კი, თბილისში სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი რაუნდისთვის ნოემბრის გარდა, გამოყოფილია ფანჯარა თებერვალსა და ივნისშიც.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
24 ნოემბერი, 2017: გერმანია – საქართველო
27 ნოემბერი, 2017: საქართველო – სერბეთი
22 თებერვალი, 2018: ავსტრია – საქართველო
25 თებერვალი, 2018: საქართველო – გერმანია
29 ივნისი, 2018: სერბეთი – საქართველო
2 ივლისი, 2018: საქართველო – ავსტრია
უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი კი, 2019 წლის 31 აგვისტოს აიღებს სტარტს და 15 სექტემბერს დასრულდება. მასპინძელი ჩინეთი იქნება.