ფეხბურთი

22:15 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: “სამტრედია” “ტორპედოს” გაუთანაბრდა

საქართველოს ეროვნული ლიგა სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა – მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” ქუთაისის “ტორპედოს” გაუთანბრდა და ახლა იმერული გუნდები მეორე-მესამე პოზიციებს იყოფენ.

თავდაპირველად, ჩემპიონზე ვთქვათ – “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთს” ზედმეტი ნერვიულობის გარეშე აჯობა. გია ცეცაძის გუნდი მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა და ბუნებრივია, რომ შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, სრულად ასახავდა იმას, რაც ბათუმში, “რაგბი არენაზე” ხდებოდა. ანგარიში მალევე გაიხსნა: გურამ სამუშიამ შოთა კერძევაძეს აჯობა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა.

ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე იხეირა მჭედლიშვილმა, რომელმაც მარჯვენა ფლანგი დაუბრკოლებლად გაიარა და შეიძლება ითქვას, კარში ბურთიანად შევიდა. “სამტრედიამ” მალე მესამეც გაიტანა – დათუნაიშვილის კარგი და დროული გადაცემის შედეგად ინტერს გიიმ გამოიჩინა თავი. ფოთელების მხრიდან ამ მატჩში ერთადერთი ნათელი წერტილი 70-ე წუთზე გამოჩნდა: ბუხაიძემ ტექნიკურად ითამაშა და ლამაზი გოლი გაიტანა მეკარისაგან შორუელ კუთხეში – 1:3. ეს იყო საბოლოო ანგარიში და “სამტრედიამ” მნიშვნელოვანი სამი ქულა შემატა აქტივს, რისი წყალობითაც კარგა ხნის შემდეგ “ტორპედოს” დაეწია.

აი, “ტორპედომ” კი, ცუდად ითამაშა და იმერულ დერბში წააგო – “ჩიხურა” მეტოქეზე აგრესიულად და გააზრებულად თამაშობდა და დამსახურებულადაც მოიგო. პირველი გოლი ზაზა ჭელიძემ გაიტანა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დაჩა და კარგად შეასრულა. სხვათა შორის, ჭელიძემ ამ ეპიზოდში ტრავმა მიიღო და მატჩი ვეღარც გააგრძელა. “ტორპედოს” კარში მეორე გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა შეაგდო – გამოცდილი ფორვარდიც პირისპირ დარჩა როინ კვასხვაძესთან და ერთი შეხებით შეარხია მეტოქის კარის ბადე. ამ ეპიზოდში პაპუნა ფონიავას კარგი გადაცემაც გამოსაყოფია. მოკლედ, სოსო ფრუიძის გუნდმა 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

“ტორპედოსა” და “სამტრედიას” სატურნირო ცხრილში 48-48 ქულა აქვთ. ეროვნული ლიგის XXV ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა 9 და 10 სექტემბერს გაიმართება.

“ტორპედო” – “ჩიხურა” 0:2 (0:0)

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”

“ტორპედო”: კვასხვაძე, ადამაძე (ტაბატაძე 46), ხურცილავა, ბაბუნაშვილი, ფალავანდიშვილი, კუტალია, დოლიძე, ქიმაძე, გურული (მამასახლისი 59), გიგაური (კაპანაძე 65), კუჭუხიძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

“ჩიხურა”: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი (ჩიკვაიძე 70), მირცხულავა, გაბედავა, სარდალიშვილი (ფონიავა 58), კორიფაძე, ტატანაშვილი, ივანიშვილი, დობროლოვსკი, ჭელიძე (კაკუბავა 58), კაშია

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 0:1 ჭელიძე (55), 0:2 ტატანაშვილი (75)

გაფრთხილება: ადამაძე (20) – გრიგალაშვილი (22), ტატანაშვილი (27)

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

“კოლხეთი” – “სამტრედია” 1:3 (0:1)

ბათუმი, “რაგბი არენა”

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, ნონდი (შალიკაშვილი 76), კერძევაძე, კაკულია (ბახია 70), ბროვკო (კოკაია 79), დერებჩინსკი, ოტიენო, ჯანელიძე, მაჩარია, ბუხაიძე

მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე (ახალაძე 37), მანჯგალაძე (მარკოზაშვილი 46), დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, სამუშია (გიი 62), საბანაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 0:1 სამუშია (12), 0:2 მჭედლიშვილი (54), 0:3 გიი (67), 1:3 ბუხაიძე (70)

გაფრთხილება: ნონდი (7), ბროვკო (78) – კასრაძე (78)

მსაჯი: პ. მაჭარაძე

0.111379