მილანის “ინტერმა” ივან პერიშიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “ნერაძურის” ვებგევრდი ოფიციალურად იტყობინება, 28 წლის ხორვატი “სან სიროზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, პერიშიჩი სეზონში 4.6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსებიც დაემატება, რომელიც ხორვატი შემტევის მიერ ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული – გატანილი გოლებისა და საგოლე გადაცემების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ივან პერიშიჩის შეძენა გასულ ზაფხულს “მანჩესტერ იუნატეიდს” სურდა, მაგრამ იტალიელებმა ერთ-ერთი ლიდერის დათმობა არ ისურვეს. 28 წლის პერიშიჩი “ინტერს” 2015 წელს გერმანული “ვოლფსბურგიდან” შეუერთდა. შარშანდელ სეზონში მისი მონაგარი 36 მატჩი და 11 გოლი იყო, მიმდინარე სეზონში 2 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.