“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ ბრაზილიის ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებული ფელიპე კოუტინიოს ფიზიკური მდგომარეობით და განწყობით კმაყოფილია და ამბობს, რომ ახალგაზრდა შემტევი, დიდი ალბათობით, უახლოეს მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.
“ამ ზაფხულს კოუტინიოს ირგვლივ არაერთი ჭორი იყო. ვიცი, რომ კითხვები გაჩნდა სეზონის სასტარტო მატჩებში მისი უთამაშებლობის გამოც, მაგრამ მას რამდენიმე კვირის განმავლობაში წელის ტკივილი აწუხებდა და ვარჯიში არ შეეძლო. დაახლოებით სამი კვირა გაუცდა. დიახ, მერე ბრაზილიის ნაკრებში გაემგზავრა და იქ ნორმალურად ემზადებოდა. დღეს მისი ვარჯიში ვნახეთ და ვფიქრობთ, შეგვიძლია მატჩებში ჩავრთოთ. მომდევნო ვარჯიშებზეც დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ. კოუტინიოს ახლა ვარჯიშებზე სხვებზე მეტი მუშაობა მოუწევს, მაგრამ ის “ლივერპულში” ძალიან კარგი განწყობით დაბრუნდა და ეს მახარებს. კარგად ვისაუბრეთ და ყველაფერი რიგზეა” - აცხადებს კლოპი.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აქტიურად განიხილებოდა კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლის საკითხი. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს თავადაც სურდა წასვლა და “ლივერპულის” უარმა მასსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა.