საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე - მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ბექა გურულისა (54 კგ) და ოთარ აბულაძის (63 კგ) მიერ გუშინწინ მოგებულ ბრინჯაოებს, გუშინ თავიანთი წილი ბრინჯაოები თემურ ხოზრევანიძემ (46 კგ), დავით სოლოღაშვილმა (69 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (76 კგ) მიამატეს.
რეპეშაჟის ფინალში ხოზრევანიძემ ყაზახი ნურზატ კაბდირახიმოვი დაამარცხა (8:3), სოლოღაშვილმაც ყაზახ მეტოქეს - გალიმბეკ ნურგალიევს აჯობა (11:1), ხოლო ცოფურაშვილმა - იაპონელ ნაო კუსაკას (4:4).
გუშინვე, ფინალურ ბლოკში საქართველოს სახელით ლუკა ზაქარიაძემაც (85 კგ) იჭიდავა. მანაც "ბრინჯაოს ფინალში", მაგრამ უნგრელ ალექს სზოკესთან წააგო და მე-5 ადგილს დასჯერდა.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის 48 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა უკრაინას. პირველზე რუსეთი გავიდა (64 ქულით), მეორეზე ირანი (50).