კალათბურთი

23:17 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური დასასრული: საქართველოსა და ევრობასკეტის გზები გაიყო

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. საქართველომ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ თავისი ბედი სხვის ხელში დატოვა. სხვამ კი, არ მოინდომა – უკრაინის ნაკრებმა ისრაელის ნაკრები დედამიწის პირისაგან აღგავა და ამან ილიას ზუროსის გუნდი ჯგუფში ჩატოვა.

საქართველოს ნაკრებს ლიტვასთან და ისრაელთან მოპოვებული ორი გამარჯვება პლეი-ოფში გასასვლელად არ ეყო. მესამე ტურში უკრაინის ნაკრებთან მარცხი საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა. ევგენი მურზინის გუნდი სწორედ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო გავიდა მეოთხე ადგილზე და მერვედფინალში სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. იმ სლოვენიას, რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.

საქართველოს ნაკრებმა კი, ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტი არცთუ ისე კარგად ჩაატარა. მოდით ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ: ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს პლეი-ოფი ალბათ არ დაუმსახურებია. საქართველო იყო არასტაბილური და მხოლოდ ეპიზოდური. საქართველოს ნაკრები იყო გუნდი, რომელსაც შეეძლო დაემარცხებინა ლიტვა, მაგრამ წაეგო უკრაინასთან...

საქართველოს ნაკრებმა არასწორი გათვლა გააკეთა: მოუგო ჯგუფის ფავორიტს და არა კონკურენტს, წააგო უშუალო კონკურენტებთან – გერმანია და უკრაინა. ალბათ, ესეც სიმბოლური, რომ საქართველოს დამარცხებული ლიტვა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ისრაელი - მეექვსეზე. აი, ცხრილის შუაში განლაგებულ გუნდებთან ჩვენ დავმარცხდით. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ამა თუ იმ მეტოქეს ჩვენი მწირი რესურსით თავი ამაოდ შევაკალით. საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია მაღალი დონის კალათბურთი ევრობასკეტზე. საქართველოს ნაკრები ხუთივე შეხვედრაში უმეტესად მდევრის როლში იყო. საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა თამაშის წაყვანა და საქართველოს ნაკრებს ჰქონდა უამრავი პრობლემა!

ტრავმები, მოკლე სკამი, მწირი არჩევანი, რამდენიმე მოთამაშის ძალიან ცუდ ფორმაში ყოფნა – ეს ყველაფერი ერთმანეთზე მიეწყო და ნაკრები გადაიწვა. საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტამდე სპარინგებს ალბათ იმაზე მეტი ძალა შეალია, ვიდრე საჭირო იყო. იყო კალათბურთელთა თავდადება, მათივე აფეთქებები ცალკეულ მატჩებსა თუ ეპიზოდებში, მაგრამ იყო უფრო მეტი შეცდომა – ეს ნათელია, ეს ცხადია. იყო სამწვრთნელო შტაბის შეცდომებიც და თანაც, ადვილად შესამჩნევი. და, რაც მთავარია – საქართველოს ნაკრებმა ვერ გააკეთა გათვლა სწორ პრიორიტეტზე – უშუალო კონკურენტებთან გამარჯვებაზე და ნაადრევად დაიჯერა, რომ ჯგუფიდან უპრობლემოდ გავიდოდა. ალბათ იყო მეტოქის დაუფასებლობაც. და, როდესაც, გონს მოვედით, უკვე ძალიან გვიან აღმოჩნდა – საქართველოსთვის ევრობასკეტი დასრულდა.

ახლა წინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლია – ეს, კარგი შანსი რეაბილიტაციისთვის. ეს, კარგი შანსია საქართველოს ნაკრებისთვის. სამი მეტოქიდან ერთს ვიცნობთ, ერთმა გული გვატკინა. ეს გერმანიაა. არის სერბეთი და არის ავსტრიაც. შესარჩევი ციკლი ნოემბერში დაიწყება. მანამდე, დროა ყველაფრის გააზრებისთვის და გაანალიზებისთვის.

ცნობისთვის, უკრაინის ნაკრებმა ისრაელს 24 ქულით, 88:64 მოუგო. ან ისრაელმა წააგო უკრაინასთან ასეთი ანგარიშით. რა მნიშვნელობა აქვს – საქართველოს ნაკრები თამაშგარეში დარჩა...

1. ლიტვა 5 4 0 0 1 426:359 9
2. გერმანია 5 3 0 0 2 355:346 8
3. იტალია 5 3 0 0 2 346:322 8
4. უკრაინა 5 2 0 0 3 367:392 7
5. საქართველო 5 1 1 0 3 390:394 7
6. ისრაელი 5 1 0 1 3 358:429 6
0.131569