კალათბურთი

14:40 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები პლეი ოფში
კლასიფიკაციის წესები

ევრობასკეტ 2017-ზე სულ ოთხი ჯგუფია, სადაც ექვს-ექვსი ნაკრებია განთავსებული. თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში ოთხი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას.

პირველ რიგში, ჯგუფში ადგილების გადანაწილებისას, რა თქმა უნდა, უპირატესობა დაგროვილ ქულას ენიჭება. იმ შემთხვევაში თუ დაგროვილი ქულები თანაბარია, მაშინ შემდეგი წესი მოქმედებს:

  1. ურთიერთშეხვედრები
  2. ჩაგდებული და მიღებული ქულების სხვაობა
  3. ჩაგდებული ქულების რაოდენობა

იმ შემთხვევაში, თუ სამი გუნდი თანაბარ ქულას აგროვებს და ამ სამ გუნდს ურთიერთშეხვედრებში თითო-თითო მოგება აქვს, მაშინ ერთმანეთში ჩაგდებული და მიღებული ბურთების სხვაობით გადაწყდება ვინ რომელ ადგილზე გავა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ამ წესებიდან გამომდინარე, თუ ზუროსის შეგირდები დღეს იტალიას დაამარცხებენ, მესამე ადგილზე გადიან და პლეი ოფში თამაშობენ. აპენინელებთან წაგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების ბედს ისრაელი-უკრაინის მატჩის შედეგი გადაწყვეტს. თუ ისრაელი მოიგებს, მაშინ ჩვენ და ებრაელებს 7-7 ქულა გვიგროვდება და ვინაიდან საქართველოს ისრაელი დამარცხებული ჰყავს, ამიტომ მეოთხე ადგილიდან პლეი ოფში გავდივართ. მაგრამ უკრაინის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა 7-7 ქულას აგროვებენ და ვინაიდან ურთიერთშეხვედრებში მურზინის შეგირდებთან წაგებული გვაქვს, საქართველო მეხუთე ადგილს იკავებს და ჯგუფში რჩება.

იმედია, საქართველოს ნაკრები საკუთარ ბედს თავადვე გადაწყვეტს და ისრაელი-უკრაინის თამაშის შედეგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღარ იქნება. ქართველი კალათბურთელები იტალიას თბილისის დროით 18:30 საათზე დაუპირისპირდებიან, ისრაელისა და უკრაინის ნაკრებთა შეხვედრა კი 21:45 საათზე დაიწყება.

0.115501