საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ისრაელთან მოგებული (104:91) თამაში შეაფასა და თქვა, რომ ამაყობს მისი გუნდით. შენგელიას განცხადებით, იტალიასთან მატჩი აუცილებლად უნდა მოიგონ, რადგან სხვა გუნდების თამაშზე არ იყოს დამოკიდებული შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი.
“თავიდანვე ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში იქნებოდა, მაგრამ დღეს ვითამაშეთ ჯიგრით, ჭკვიანურად, გულით. ყველაფერი დავდეთ, რაც შეგვეძლო. ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ჩვენი გულშემატკივრებით, ნამდვილი გულშემატკივრებით და მინდა ამას ხაზი გავუსვა. შევეცდებით ბოლო თამაშიც მოვიგოთ, რადგან არ მინდა სხვა გუნდებზე ვიყოთ დამოკიდებული. მინდა, რომ ეს ჩვენით გავაკეთოთ და ჩვენით გადავდგათ ნაბიჯი სტამბულისკენ”, - თქვა თორნიკემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე, იტალიას დაუპირისპირდება.