საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში თამაშის ძალიან რეალური შანსი მიიღო. დიახ, ახლა, ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დამეშვიდობება: თუ იტალიასთან დამარცხდება და შემდეგ უკრაინა ისრაელის ნაკრებს დაამარცხებს. მოვლენების სხვანაირად განვითარების შემთხვევაში საქართველო პლეი-ოფშია.
სანამ შესაძლო ვარიანტებზე გადავიდოდეთ, მანამდე თამაშზე ვისაუბროთ. თამაშზე, რომელიც ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა და რომლის ბედიც დამატებითმა დრომ გადაწყვიტა. ოვერტაიმზე ქვემოთ ვისაუბრით და ვთქვათ, რომ იქამდე ჩვენთვის სასიკეთოდ თამაში არ მიმდინარეობდა. მართალია, მეტოქე დიდად წინ ვერ გადიოდა, მაგრამ მაინც თითქმის მთელი თამაში მდევრის როლში ამყოფებდა საქართველოს ნაკრებს. პირველი და მეორე პერიოდი ერეზ ედელშტეინის გუნდმა თითო ქულით მოიგო და შესაბამისად, შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავიდა. მასპინძელთა უპირატესობა გაცილებით დიდიც იქნებოდა, რომ არა ტაიმის ბოლოს ქართველთა გამოფხიზლება და ჩამორჩენის მინიმუმადე დაყვანა.
მეორე ტაიმის კი, ცუდად დავიწყეთ. ისრაელს ყველაფერი გამოსდიოდა, ჩვენ – არაფერი. შესაბამისად, მესამე პერიოდის დასაწყისში სხვაობამ მაქსიმუმს მიაღწია: 10 ქულა. განგაშის ზარმა თითქოს ჩამოკრა, მაგრამ ილიას ზუროსის დროულმა წუთშესვენებამ შედეგი გამოიღო. ნელ-ნელა, მეთოდურად, საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენის შემცირება დაიწყო, მაგრამ მესამე მეოთხედი კვლავ ერთი ქულით მოიგო ისრაელმა და და დასკვნითი ათწუთეულის წინ, მცირედით, მაგრამ მაინც უკეთეს პოზიციაში ჩაიყენა თავი. ამას თან ისიც ერთვოდა, რომ წინა ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე პერიოდი უსუსტესად ჩაატარა. თუმცა, ამჯერად ასე არ მოხდა: ზუროსის ბიჭებმა დაცვაში თამაში გამოასწორეს და შეტევაშიც. მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანს, მაიკლ დიქსონმა მიაყოლა. დიქსონის სამქულიანი საერთოდ უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა – ერთი ქულით ვაგებდით, როცა მაიკლა კალათში ჩაუშვა ბურთი და ორი ქულით დავწინაურდით. რჩებოდა 11 წამი – 11 წამი, რომელიც შეტევისთვის საკმარისი იყო, მაგრამ თავის დაცვაც შეიძლებოდა. თუმცა, საქმეში მსაჯები ჩაერთვნენ... ჯერ იყო და ომრი კასპიმ გარბენის მეშვეობით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ არბიტრებმა ეპიზოდი გაატარეს. ეს დასასრული არ ყოფილა: 6 წამი რჩებოდა და ზაზა ფაჩულია ფართან მარტო დარჩა, ისრაელის ნაკრების ორი მოთამაშე მასზე წესებს აშკარად არღვევს, მაგრამ... შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.
დაძაბულობამ პიკს მიაღწია – საქართველოს ნაკრებს შეცდომის უფლება არ რჩებოდა, ისევე როგორც ისრაელის ნაკრებს. და მაინც, დამატებით 5 წუთში ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა ფანტასტიკური კალათბურთი ითამაშა და მეტოქე უსაქმოდ დატოვა. ოვერტაიმის ანგარიში თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს – 15:2(!).
ასე და ამრიგად, როგორც იქნა, ორმატჩიანი წაგებების სერიის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. ამაზე ქვემოთ, იქამდე სტატისტიკასაც ჩავხედოთ, რომელიც ნათლად ასახავს იმას, თუ რატომ მოიგო საქართველომ:
რაც მთავარი და ნიშანდობლივია,წინა მატჩებისგან განსხვავებით, მეტოქე ფარქვეშ დავჯაბნეთ. საქართველომ ბურთი ფარიდან 50-ჯერ მოხსნა, მაშინ, როცა ისრაელის ნაკრებმა იგივე მხოლოდ 22-ჯერ გააკეთა. საქართველომ შეტევაში ბურთი 16(!)-ჯერ, ხოლო მასპინძლებმა ჩვენს ფარზე მხოლოდ ორჯერ მოხსნეს. უკეთ ვისროლეთ სამქულიანებიც: 39%-იანი სიზუსტით 23-დან 9 ზუსტი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების რიგებში ქულები რვა კალათბურთელმა მოიპოვა, რასაც ბოლო დროს მოკლებული ვიყავით. ათქულიან ზღვარს კი, ერთბაშად 5 კალათბურთელი გადასცდა: შენგელია, ფაჩულია, სანაძე, დიქსონი და მარკოიშვილი. ზაზა ფაჩულიამ და თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი გაიფორმეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია თორნიკეს მონაგარი: 25 ქულა 19 (!) მოხსნის წილ!!!
თავის მხრივ, ისრაელის ნაკრების ლიდერი რიჩარდ ჰაუელი პარკეტზე მხოლოდ 20 წუთით ვიხილეთ. ამ დროში მან 19 ქულა დააგროვა, მაგრამ 5 ფოლიც მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ვერც ომრი კასპიმ ულიდერა თავის ნაკრებს – 16 ქულა.
საქართველოს ნაკრებმა მოიგო და ისრაელი ჯგუფში ოფიციალურად ჩარჩა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ილიას ზუროსის გუნდი პლეი-ოფს მიღმა ერთადერთ ვარიანტში დარჩება: თუ იტალიასთან წააგებს და უკრაინა ისრაელს აჯობებს. და მაინც, ისრაელის ნაკრების იმედზე ყოფნა რთული იქნება: ჯერ ერთი, რომ ჯგუფური ეტაპის მასპინძელს უკვე შანსი დაკარგული აქვს და მეორეც, იტალიასთან შეხვედრა დასრულებული იქნება, როცა ისრაელი – უკრაინა დაიწყება. მოკლედ, ჩვენ, ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ იტალიის ნაკრებიც მერვედფინალში გავიდა და შესაბამისად, მოტივაცია წესით არც მას უნდა გააჩნდეს. ვნახოთ, ეს მატჩი უკვე კარსაა მომდგარი, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. მთავარია, კალათბურთელებმა აღდგენა მოასწრონ – პლეი-ოფი ახლოსაა...
ისრაელი – საქართველო 91:104 (ო.ტ) (22:21, 27:26, 21:20, 19:22, 2:15) VIDEO
ისრაელი: ჰაუელი (20:08 წთ, 19 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა). დოუსონი (06:59 წთ), მეკელი (35:55 წთ, 23 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება). ელიაჰუ (31:12 წთ, 14 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრამ 2 დაფარება). კასპი (39:13 წთ, 16 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება). პნინი (27:46 წთ, 3 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი). კადირი (02:48 წთ). ბლაიზერი (12:10 წთ, 8 ქულა). ტიმორი (27:30 წთ, 6 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა), ზალმანსონი (01:43 წთ). ოჰაიონი (19:36 წთ, 2 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა).
ქულა ჯამში: 91, ორქულიანი: 33/53 (62%), სამქულიანი: 3/16 (19%), საჯარიმო: 16/20 (80%). მოხსნა ჯამში: 22, მოხსნა დაცვაში: 20, მოხსნა შეტევაში: 2, პასი: 24, ჩაჭრა: 9, დაფარება: 4
საქართველო: დიქსონი (35:49 წთ, 18 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი). გამყრელიძე (00:30 წთ), ფაჩულია (31:04 წთ, 19 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი). ცინცაძე (25:08 წთ, 2 ქულა, 3 პასი, 3 ჩაჭრა). შერმადინი (13:32 წთ, 9 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი). სანაძე (33:39 წთ, 17 ქულა, 1 მოხნსა, 2 პასი). მარკოიშვილი (39:14 წთ, 11 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება). ბერიშვილი (02:56 წთ, 3 ქულა, 1 მოხსნა). შენგელია (41:23 წთ, 25 ქულა, 19 მოხსნა, 4 პასი, 1 დაფარება). ლონდარიძე (01:45 წთ)
ქულა ჯამში: 104, ორქულიანი: 26/47 (55%), სამქულიანი: 9/23 (39%), საჯარიმო: 25/31 (81%), მოხსნა ჯამში: 50, მოხსნა დაცვაში: 34, მოხსნა შეტევაში: 16, პასი: 23, ჩაჭრა: 5, დაფარება: 2.