ჭიდაობა

11:55 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკი ბერძენ-რომაელები სამი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ბექა გურულსა (54 კგ) და ოთარ აბულაძეს (63 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს თითო გამარჯვება აშორებთ. გიორგი შოთაძეს (58 კგ) კი ასევე მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად ორი შეხვედრა აქვს მოსაგები.

ათენში გუშინ დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოავლინეს ფინალისტები. მსოფლიოს კონკურენციაში საქართველოს ნაკრების ხუთი წევრიც ჩაერთო და სამი მათგანი ფინალურ ბლოკამდეც მივიდა.

ბექა გურულმა ჩემპიონატი უზბეკი ნამოზ აბდულოევის ადვილად ძლევით გახსნა - 8:0. ანალოგიური ანგარიშით აჯობა ინდოელ ბაპუ ვასანტ კოლეკარს. მეოთხედფინალში, ამერიკელ ტომას ლოვეტთან 0:7-ს აგებდა და საბოლოოდ 12:8 იმარჯვა. უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ გერმან დოევთან (0:9). ბრინჯაოს მედლისთვის გურული ყირგიზეთის ნაკრების წევრ ბაიელ სატიევისა და მექსიკელი მიგელ ანხელ უგალდე აგიარის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ ჩემპიონატის პირველი დღის საუკეთესო შეხვედრად გურულისა და ლოვეტის მეოთხედფინალური დაპირისპირება დაასახელა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ოთარ აბულაძემაც ნახევარფინალში დაასრულა, ირანელ მუსტაფა კაიედ ხორდეჰთან მარცხით (2:4). იქამდე ქართველმა მოჭიდავემ ებრაელი აბერ ფეტენე (1:1), ხორვატი ლუკა მალობაბიჩი (8:0) და მექსიკელი დიეგო ალბერტო მარტინეზ დე ლეიხა (5:0) ჩამოიშორა. "ბრინჯაოს ფინალში" კი აზერბაიჯანელ რუსლან ჰადისოვსა და ყაზახ რახატ საგიმბაიევს შორის საუკეთესოს დაეჭიდება.

გიორგი შოთაძე ხორვატი ლუკა პრიისტალისა (3:0) და ყირგიზი აკილბეკ კუტუბეკ ულუს (6:3) ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ინდოელ სონუ სონუსთან დამარცხდა (2:4) და მას შემდეგ, რაც სონუმ ფინალის საგზური მოიპოვა, თავად "ბრინჯაოს ფრონტზე" გადაერთო. რეპეშაჟის ნახევარფინალში შოთაძე რუსეთის ნაკრების წევრ სერგეი ალექსანდროვიჩ ჩიგირევს ან ფინელ ვიტ ლებლს შეხვდება.

გუშინვე, საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში აკაკი ოსიშვილი (50 კგ) და ელგუჯა სილაგაძეც (100 კგ) ჩაებნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ორივემ დილის პროგრამაში დაკარგა.

ოსიაშვილი თურქ მერტ ილბარსთან დამარცხდა (0:8), ხოლო სილაგაძე - რუმინელ კაპრიან ილიე ტრუფანთან (0:3).

გადამწყვეტი შეხვედრები დღეს საღამოს გაიმართება. იქამდე კი საქმეში ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებმებიან. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: დიმიტრი ხაჩიძე (42 კგ), თემურ ხოზრევანიძე (46 კგ), დავით სოლოღაშვილი (69 კგ), გიორგი ცოფურაშვილი (76 კგ) და ლუკა ზაქარიაძე (85 კგ).

0.150029