ფეხბურთი

12:36 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: საქართველომ ალბანეთს 5:0 მოუგო

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში "პრეზიდენტის თასზე" ჯგუფში პირველი მატჩი ჩაატარა და ალბანეთს 5:0 მოუგო. გიორგი ნემსაძის გუნდს კოლოსალური სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. ალბანელები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ, ხშირ შემთხვევაში საკუთარი საჯარიმოდან ბურთის ამოტანაც კი უჭირდათ.

გამოირჩეოდა მარცხენა ცენტრალური მცველი შოთა ნონიკაშვილი ("საბურთალო"), რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ორივე თავურით. ნონიკაშვილმა ორივე ბურთი პირველ ტაიმში მიითვალა. შესვენებამდე თავისი გოლი ზურაბ დავითაშვილმაც ("დინამო") გაიტანა, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ("დინამო") წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

მეორე ნახევარში გიორგი გულიაშვილმა ("საბურთალო") შესძლო გატანა: კუთხურიდან ჩაწოდებულს დაუხვდა. უნდა ითქვას, სტანდარტულებს მართლაც კარგად იყენებდნენ ქართველები. ბოლო გოლი კი ელგუჯა ჯანგველაძის ("დინამო") ანგარიშზეა. მან ახლოდან ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, აბზიანიძე (ჭავჭანიძე 58), მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი, ჩოთალიშვილი (ჯინჭარაძე 41), შალიკაშვილი (ლომთაძე 67), დავითაშვილი (ქუთათელაძე 51), გულიაშვილი (ჯანგველაძე 70), კვარაცხელია (ჩარკვიანი 51).

ჯგუფის დანარჩენ მატჩებს რაც შეეხება, 5 სექტემბერს თურქმენეთს ვეთამაშებით, ხოლო 7-ში - ყაზახებს. მეორე ჯგუფში არიან რუსეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

0.118279