კალათბურთი

1:16 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: ისრაელის ნაკრების პატარა სასწაული გერმანიასთან

ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფში მესამე ტური საოცარი შეხვედრით დასრულდა. ისრაელის ნაკრებმა ერთი შეხედვით წაგებული მატჩი შემოაბრუნა და პლეი-ოფში გასვლის დიდებული შანსი გაიჩინა.

არადა, აქამდე გერმანიის ნაკრები უდანაკარგოდ თამაშობდა და მასპინძელსაც უგებდა, თან აუღელვებლად, მაგრამ...

პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე ფრე ფიქსირდებოდა და ნათელი იყო, რომ დაძაბული შეხვედრა გამოდგებოდა. თუმცა, გერმანიამ მესამე პერიოდი ფანტასტიკურად ჩაატარა და 12 ქულით მოიგო – 26:14. ეს, გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა ისრაელის ნაკრებმა დასკვნით ათწუთეულში ბრწყინვალედ ითამაშა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა – 82:80.

ისრაელის ნაკრებში საუკეთესო ნატურალიზებული რიჩარდ ჰოუველი იყო, რომელმაც დიდებული შეხვედრა ჩაატარა. თავად განსაჯეთ: 23 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 7(!) ჩაჭრა. გამორჩეულად ითამაშა ომრი კასპიმაც - 20 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. გერმენელებს კი, დენის შრიოდერის 20 ქულა არ ეყოთ. მარგი ქმედების კოეფიციენტით კი ალემანთა რიგებში საუკეთესო ტეისი გახლდათ – 15 ქულა და 15 (!) მოხსნაა მის ანგარიშზე.

ეს ისრაელის ნაკრების პირველი გამარჯვებაა მიმდინარე ტურნირზე, გერმანისთვის კი პირველი მარცხი გამოდგა. ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალია, ლიტვა და გერმანია პლეი-ოფში დიდი ალბათობით ითამაშებენ, ხოლო დარჩენილი ერთი ადგილისთვის სამი გუნდია: ისრაელი, უკრაინა და რაც მთავარია საქართველო. ამჟამად ჩვენი გუნდი მეოთხე ადგილზეა, მაგრამ დარჩენილი ტურების მიხედვით ისრაელის შანსი უფრო ფასობს.

საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი იქნება სწორედ მასპინძელთან გასამართი შეხვედრა. დიდი შანსია, რომ ბოლოს საქმე ბურთების ბალანსზეც მისდგეს. მოკლედ, წინასწარ რამის განჭვრეტა ახლა შეუძლებელია და ყველაფერს მეოთხე და მეხუთე ტური გამოაჩენს.

გერმანია – ისრაელი 80:82 (18:23, 25:20, 26:14, 11:25)

მატჩის სტატისტიკა

სატურნირო მდგომარეობა B ჯგუფში:

1. იტალია 3 2 0 0 1 220:192 5
2. გერმანია 3 2 0 0 1 222:202 5
3. ლიტვა 3 2 0 0 1 243:225 5
4. საქართველო 3 1 0 0 2 217:232 4
5. უკრაინა 3 1 0 0 2 217:234 4
6. ისრაელი 3 1 0 0 2 203:237 4
0.135504