ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში დღეს, გუნდური პირველობით დასრულდება. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად შეჯიბრება მამაკაცთა და ქალთა გაერთიანებულ გუნდებს შორის გაიმართება და შესაბამისად, მედლების მხოლოდ ერთი კომპლექტი გათამაშდება.
ახალ გუნდურ ჩემპიონატში თითოეული დაპირისპირება ექვსი შეხვედრისგან შედგება. ქალებში 57, 70 და +70 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო მამაკაცებში – 73, 90 და +90 კილოგრამებში.
წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ შეჯიბრებაში სულ 21 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება. მათ შორის საქართველოს ნაკრებიც, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს ინდივიდუალურ პირველობაზე ნაჭიდავები ძიუდოისტების გარდა ლაშა გიუნაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ესტერ სტამიც (70 კგ) გამოვლენ.
ქართველი ძიუდოისტები პირველ წრეში დაისვენებენ და მსოფლიოს ჩემპიონატს ხორვატიასთან დაპირისპირებით გახსნიან. გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებენ. იქ რუსეთს ან ჰოლანდიას შეხვდებიან. ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან კი ბრაზილია და პოლონეთია გამოსარჩევი.