ფეხბურთი

1:25 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვილია: "ფრე არასდროს ითვლება კარგ შედეგად"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ ირლანდიასთან მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საკუთარ მოედანზე ფრე არასდროს ჩაითვლება წარმატებად, არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე ირლანდია იქნება, იტალია თუ ესპანეთიო.

"თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, ვდომინირებდით ამ მატჩში და შეგვეძლო, რომმეტი მომენტები შეგვექმნა და გაგვემწვავებინა თამაში, მაგრამ რატომღაც არ შეიქმნა ეს მომენტები. ყველაფერს გამოყენება ჭირდება. გავიტანეთ ლამაზი გოლი. ვფიქრობ, რომ თუ იღბალიც ჩვენს მხარეს იქნება, წარმატებას მივაღწევთ.

შეტევის დასკვნით ფაზაში ცივსისხლიანად უნდა ვიმოქმედოთ, თუმცა იღბალიც ჩვენს მხარეს უნდა მოტრიალდეს, რადგან ამ შესარჩევი ციკლის განმავლობაში გავიხსენოთ რამდენჯერ მოხვდა ძელს, რამდენჯერ ხარიხას მოხვდა ბურთი და უბრალოდ არ ვარდებოდა კარში, თუმცა ეს ყველაფერი ამოსწორდება.

ავსტრიასთან მატჩში, მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. იმისთვის, რომ კარგი და ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგოროც შეგვეფერება.

გულდაწყვეტილები ვართ დღევანდელი შედეგით. ხალხი მოედანზე ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა და გვინდოდა გაგვეხარებინა ისინი, თუმცა ირლანდია არ იყო ადვილი ოპონენტი, მითუმეტეს, რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვიან.

ფრე არასოდეს შეიძლება კარგ შედეგად ჩაითვალოს, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე. გასვლაზე რომ გვეთამაშა კიდევ შეიძლება ჩაგვეთვალა წარმატებად. სახლში ყოველთვის მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ, არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგე ირლანდია იქნება, იტალია თუ ესპანეთი”, - განაცხადა გვილიამ.

0.157582