ფეხბურთი

0:35 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა შედეგით არა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ირლანდიასთან 1:1 მატჩის შემდგომ WORLDSPORT.GE-სთან თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ თამაშით კმაყოფილია, თუმცა შედეგით არა.

როგორც ქართველთა მეოთხე ნომერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა დასაკარგი არაფერია და დარჩენილ თამაშებში მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდნენ მოედანზე.

“გამარჯვებამდე დაგვაკლდა მხოლოდ გოლი. იღბალს არასდროს არ ვაბრალებ, იმიტომ რომ ბოლო მომენტში კარგი შანსი, რომ გაქვს ეს შენ უნდა გააკეთო. ვერავის ვერ თხოვ, ვერც ღმერთს, ვერც იღბალს და ვერც ბედს. საერთო ჯამში თამაშს პოზიტიურად შევაფასებდი, რადგან სათამაშო ხარისხი ვაჩვენეთ ძალიან მაღალი. სწორედ ესეთი თამაში უნდა წავიღოთ ყველგან. ირლანდიის ნაკრებთან თუ ასე შეგვიძლია თამაში, მოლდოვას აუცილებლად უნდა მოვუგოთ. პლიუს 4 ქულა რომ გვქონდეს, დღეს სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა, სულ სხვა კომენტარი იქნებოდა. შეიძლება ირლანდიასთან ითამაშო 1:2, მაგრამ არ შეიძლება მოლდოვასთან დაკარგო ქულები.

ამ ხარისხით კმაყოფილები ვართ, თუმცა შედეგით არა. პრესკონფერენციაზე იმედიანად იმიტომ არ ვიყავი, რომ ირლანდიისგან უფრო ხისტ მატჩს ველოდით. მაგრამ ორთაბრძოლებში კარგად ვითამაშეთ. საეთოდ ბრიტანელები და ირლანდიელები ძალიან ძლიერი არიან ამ კომპონენტში, ჩვენ კი პირიქით. დღეს დავინახეთ, რომ იმდენი ორთაბრძოლა მოვიგეთ, ეს სიურპრიზი იყო და ბიჭებმა კლასი დადეს. ბევრი იძახის, რომ ბოლომდე იბრძოლა. ეს ყოველთვის ასეა, ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურს დებს თამაშის დროს, მაგრამ ზოგისთვის ეს მაქსიმუმი 100%-ში ვირბინო 15 კილომეტრი და სხვისი 100% იყოს 8 კილომეტრი. ფიზიკურ მომზადებას გააჩნია. რამდენად სწრაფი ხარ, რამდენად შეგიძლია მეორე სართულზე თამაში. ქართველი გულშემატკივარი იძახის, ბოლომდე იბრძოლეთ, რას გულისხმობთ ბოლომდე ბრძოლაში, ყველასთვის განსხვავებულია ეს. ჩემი 100% არის ფიზიკური ორთაბრძოლები, სადაც მე ვარ მაგარი. ჭანტურიას უპირატესობა არის იმაში, რომ ბურთი ქონდეს და მოატყუოს მოწინააღმდეგე.

დღეს ბალანსი დავინახეთ, თავდაჯერებულად ვითამაშეთ. დასაკარგი არაფერი არ გვქონდა. ეს თამაში უნდა იყოს მინიმუმი. ზოგჯერ თავხედურადაც უნდა ითამაშო, მერე რა, რომ ირლანდიის ნაკრებია და პრემიერლიგის ფეხბურთელები არიან, იქ რომ გადიხარ, შენ თავს უნდა მოერიო. დღეს ნებისმიერმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი გამოავლინა.

ასეთი თამაში იმედს გაძლევს, უფრო პოზიტიურად ვუყურებთ ყველაფერს. დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარი როგორ დაგვიჭერს მხარს. რა თქმა უნდა იმედგაცრუებულნი არიან, დიდი ხანია არ მოგვიგია. მაგრამ ცოტა უნდა დაგვეხმარონ, გვეხმარებიან კიდეც. ინტერნეტშიც, გაზეთებში...

ხისტ თამაშს გააჩნია, ხისტად თამაში თუ შეგვიძლია მაგ შემთხვევაში კი, თუმცა შეგვიზლია კი? ჩვენ ბურთის დაჭერა უფრო შეგვიძლია. ჩვენ რომ დღეს ხისტად გვეთამაშა, წავაგებდით.

ავსტრიასთან მატჩში დასაკარგი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ჩვენი მხრიდან მოსაგებად უნდა გავიდეთ, იმედი მაქვს პირველ გამარჯვებას მოვიპოვებთ”, - გვითხრა კაშიამ.

0.117079