საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა შეხვედრა (1:1) სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა შეაფასა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა მის გუნდს თამაშით აჯობა.
ონილმა აღნიშნა, რომ ირლანდიის ნაკრებს რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, გამარჯვებას არ იმსახურებდა.
“ჩვენ ძალიან სწრაფი გოლი გავიტანეთ და ძირითადად დაცვიდან ვითამაშეთ, უბურთოდ. ბურთს, როცა ვიღებდით, მალევე ვკარგავდით. განსაკუთრებით, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. მიუხედავად ამისა, გვქონდა რამდენიმე შანსი გოლის გატანის. საბოლოო ჯამში კი, ვაღიარებ, საქართველოს ნაკრებმა თამაშით გვაჯობა.
ჩვენი მიზანი დღეს გამარჯვება იყო, თუმცა ვიცოდი, რომ მძიმე თამაში გველოდა. საქართველო კარგი გუნდია და წინა შეხვედრებში არ გაუმართლა სერბეთთან, ჩვენთან, უელსთან. ვიმეორებ, ჩვენ გვქონდა საკმარისი მომენტები რომ მოგვეგო, მაგრამ თამაშის სურათიდან გამომდინარე ამას არ ვიმსახურებდით.
დიახ, ვიცი, რომ სერბეთის ნაკრებმა მოიგო – დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ ისინი დავამარცხოთ შემდეგ შეხვედრაში. დღევანდელზე ბევრად უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ბურთი აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ.
ეიდენ მაკგიდის გატანა შეეძლო, მაგრამ საკმაოდ რთული იყო მისთვის ბურთის მიღება. მთლიანობაში ეიდენის კლასის მქონე ფეხბურთელს ეს შანსი უნდა გამოეყენებინა, მაგრამ რას ვიზამთ... საქართველოს ნაკრების ჩემი ხელმძღვანელობით მეოთხედ ვეთამაშეთ და ყოველთვის დაძაბული მატჩები იყო. მიმაჩნია, რომ ჯგუფში თქვენი პოზიცია ამ დროისთვის რეალურ სურათს არ ასახავს”, - განაცხადა მარტინ ონილმა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 5 სექტემბერს, ვენაში, ავსტრიის ნაკრებთან გამართავს. ირლანდია კი, ამავე დღეს ჯგუფის ლიდერ სერბეთს დუბლინში დაუხვდება.