მოლოდინი გამართლდა – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ფანტასტიკურ სტილში, გამარჯვებით დაიწყო. და მაინც, გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც: ილიას ზუროსის გუნდმა თვით ლიტვის ნაკრები დაამარცხა. გუნდი, რომელიც ევრობასკეტის ფავორიტად მიიჩნევა და სრულფასოვანი რევანშიც შედგა. მოგეხსენებათ, ლიტველებმა ორი წლის წინ დრამატული მარცხი გვაგემეს მერვედფინალში.
ქართველმა კალათბურთელებმა მოედნის ყველა ნაწილში ბოლომდე იბრძოლეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათგან ძალიან ბევრს უნდა ველოდოთ.
პირველი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ შედეგიც ლოგიკური იყო – 18:18. აი, მეორე მეოთხედის დასაწყისი კი, კარგს არაფერს გვიქადდა – ლიტვის ნაკრებმა შესანიშნავად დაიწყო, რასაც ქართველთა შეცდომებიც დაემატა და საბოლოოდ 2 წუთზე იდნავ მეტ დროში ბალტიისპირელებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს. ბუნებრივია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ილიას ზუროსმა დროული წუთშესვენებით მეტოქის აგრესიული თამაში ჩაახშო. ნელ-ნელა კი საქართველო გამოფხიზლდა და ქულების დაგროვებაც დაიწყო. პერიოდის მიწურულს ჩამორჩენა მეთოდურად ბათილდებოდა და საბოლოოდ დიდ შესვენებაზე ლიტვა 5 ქულიანი უპირატესობით გავიდა. ეს სულაც არ იყო ცუდი, თუ გავითვალისწინებთ მეოთხედის დასაწყისს. გარდა ამისა, მეორე პერიოდის შუაში ტრავმა მიიღო გიორგი ცინცაძემ და ისედაც საკადრო პრობლემების წინაშე მდგარი ზუროსის საფიქრალი კიდევ უფრო გაიზარდა. და მაინც – მთავარი ბრძოლა წინ იყო.
ასეც მოხდა, მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის იდეალურად დაიწყო. თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა წინ გასვლა მალევე მოახერხა. ეს ზაზა ფაჩულიას ზუსტი ორქულიანის შემდეგ მოხდა მესამე პერიოდის 02:25 წუთზე – 42:40. მალავე დუდა სანაძემ კიდევ ერთი ორქულიანი მიაყოლა და ნათელი გახდა, რომ ლიტვის ნაკრებს ადვილი წუთები არ ელოდებოდა. აქედან მოყოლებული თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და სოლიდურ გაქცევას ვერცერთი გუნდი ახერხებდა. საბოლოოდ, სწორედ მესამე პერიოდი გამოდგა მატჩში გარდამტეხი – საქართველომ აღნიშნული ათწუთეული შვიდი ქულით მოიგო და დასკვნითი პერიოდის წინ უპირატესობა შეიქმნა – 59-57.
აი, ფინიში კი საოცარი გამოვიდა – ნერვიულბამ პიკს მიაღწია, მაგრამ საბოლოო ჯამში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დიდებული წუთები ამად ღირდა. კვლავ შეუჩერები იყო შენგელია, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო ცალსახად. ლიტველთა მხრიდან კი მინდაუგას კუზმინსკასი აქტიურობდა. საბოლოო ჯამში ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
საფინალო სირენამდე წუთითა და 22 წამით ადრე მანუჩარ მარკოიშვილმა წინ გაგვიყვანა (76:74), რასაც დაცვაში მოხსნაც მოაყოლა. მორიგი შეტევა შედეგიანად მაიკლ დიქსონმა დაასრულა, რომელმაც რთული პოზიციიდან ჩააგდო. თამაშის დამთავრებმადე სულ რაღაც 20 წამი რჩებოდა – სხვაობა 4 ქული იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ თამაში სანახევროდ მოგებული გახლდათ, თუმცა...
ლიტვამ სწრაფ სამქულიანზე გააკეთა აქცენტი, კუზმინსკასმა მიზანს ვერ უწია, მაგრამ თორნიკე შენგელია დააჯარიმეს და ლიტვის ნაკრების ლიდერს სამი საჯარიმოს სროლა მოუწია. სამიდან მან ერთი ჩააგდო, მაგრამ ფარი წავაგეთ, იონას მაჩულისმა კი შედეგიანად დაამატა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლიტვას სამქულიანი შეტევა გამოუვიდა. აქვე ვთქვათ, რომ დღევანდელ ისტორიულ მატჩში ქართველთა მთავარი პრობლემა სწორედ საკუთარ ფარზე თამაში იყო. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: მეტოქემ შეტევაში ბურთი 15-ჯერ მოხსნა! – ლიტვამ მეორე შეტევით საკმაო რაოდენობის ქულები ჩააგდო და რომ არა ეს, ვინ იცის, ეგებ, გაცილებით მარტივი თამაშიც გამოსულიყო.
ეს იქეთ იყოს და თამაშის კულმინაცია დავუბრუნდეთ: მატჩის დასრულებამდე 8(!) წამით ადრე ერთ ქულას ვიგებდით და ბურთიც ჩვენი იყო. ბუნებრივია, ლიტვამ სწრაფი ჯარიმა აიღო დიქსონზე – მაიკლმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა – 79:77.
ლიტვის ნაკრებს 7 წამი და მინუს ორი ქულა ჰქონდა. ბალტიისპირელებმა თამაშის ოვერტაიმში გადაყვანზე ფიქრს, მოგება ამჯობინეს და სამქულიანი ისროლეს ზედ ბოლო წამზე – ეს მაჩიულისმა გააკეთა. იმ მაჩიულისმა, რომელიც ორი წლის წინანდელის გამო მწარედ გვახსოვს. ალბათ, სიმბოლურიცაა, რომ ასე მოხდა – “რეალის” კალათბურთელმა ბურთი კალათში ვერ მოათავსა, რამაც საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების მომსწრე გაგვხადა!
ლიტვის ნაკრები დამარცხებულია და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ სერიოზული განაცხადიც გაკეთებულია ჯგუფში პირველობაზე და არამარტო...
საქართველოს ნაკრების დიდებული გამარჯვების მთავარი გამომჭედელი თორნიკე შენგელია იყო – “ბასკონიას” მოთამაშემ ფანტასტიკურად იასპარეზა და 29 ქულა შესძინა გუნდს (VIDEO)! ზაზა ფაჩულიამ 8 ქულას 10 მოხსნა დაუმატა. ათქულიან ზღვარს კი, თორნიკეს გარდა დუდა სანაძე და მაიკლ დიქსონი ასცდნენ.
საქართველოს ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 2 სექტემბერს, გერმანიის ნაკრებთან გამართავს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.
ლიტვა – საქართველო 77:79 (18:18, 21:16, 18:25, 20:20) (ვიდეო მიმოხილვა)
ლიტვა: კალნიეტისი (32:58 წთ, 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი). მაჩულისი (20:26 წთ,9 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი). გეჩევიჩუსი (29:23 წთ, 7 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი). კუზმინსკასი (27:09 წთ, 18 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი). ვალანჩუნასი (28:41 წთ, 9 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი). იუსკევიჩუსი (7:03 წთ, 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი).მოტიეიუნასი (12:50 წთ, 4 ქულა, 1 პასი). მილაკნისი (10:31 წთ, 4 ქულა, 1 პასი). ულანოვასი (19:40 წთ, 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი). გუდაიტისი (11:19 წთ, 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი).
ჯამური: 28/63 (44%), ორქულიანი: 20/36%, სამქულიანი: 8/27 (30%), საჯარიმო: 13/22 (59%), მოხსნა შეტევაში: 15, მოხსნა დაცვაში: 23, სულ: 38. პასი: 18, ქულა – 77.
საქართველო: დიქსონი (36:50 წთ, 12 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი). ფაჩულია (23:16 წთ, 8 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი). ცინცაძე (13:09 წთ, 2 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი). მარკოიშვილი (35:14 წთ, 6 ქულა, 3 მოხნსა). შენგელია (36:01 წთ, 29 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი). ლონდარიძე (01:35 წთ). ბერიშვილი (05:33 წთ, 0 ქულა, 1 მოხსნა). სანაძე (27:38 წთ, 13 ქულა, 2 მოხსნა). შერმადინი (19:08 წთ, 9 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი). გამყრელიძე (01:32 წთ), ბოისა (00:04 წმ).
ჯამური: 26/59 (44%), ორქულიანი: 23/44 (52%), სამქულიანი: 3/15 (20%), საჯარიმო: 24/29 (83%). მოხსნა შეტევაში: 10, მოხსნა დაცვაში: 22, სულ: 32. პასი: 15, ქულა – 79.