თელ ავივში, ევროპის ჩემპიონატი დაიწყო B ჯგუფშიც, რომელიც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა – საქართველოს ნაკრები სწორედ აქაა განთავსებული. ქვეჯგუფის გახსნით შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა პირველი ორი ქულა ჩაიწერა აქტივში. სძლია რა, დაუბრკოლებლად უკრაინის ნაკრებს – 75:63.
ალემანები მთელი თამაში უპირატესობას ფლობდნენ და კლასში სხვაობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. უკრაინის ნაკრებმა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ მეოთხედში შეძლო, რომელიც სხვათა შორის, 7 ქულიანი სხვაობით მოიგო კიდეც. აი, მეორე ათწუთეულიდან საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი დენის შრიოდერმა – “ატლანტა ჰოუქსის” მოთამაშის ძალისხევით გერმანიამ მეორე პერიოდი ძალზე მარტივად მოიგო და დიდ შესვენებაზე 6 ქულიანი უპირატესობით გავიდა – 39:33.
სათამაშო სურათი მეორე შეხვედრაშიც არ შეცვლილა. გერმანიამ დარჩენილი ორი პერიოდიც მოიგო და პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა არათუ შეინარჩუნა, არამედ გაზარდაკიდეც.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ცალსახად დენის შრიოდერი იყო – გერმანიის ნაკრების ლიდერი საშულოდ წუთში ერთ ქულას აგროვებდა და შესაშური სტატისტიკით დაასრულა შეხვედრა – 32:54 წუთი, 32 ქულა, 7 პასი, 5 მოხსნა. იგი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელიც გახლდათ მოედანზე და შედეგიან გადაცემებშიც ყველას აჯობა. აღსანიშნავია, რომ ალემანთაგან მის გარდა 10 ქულიან ზღვარს ერთადერთი კალათბურთელი გადასცდა – რობინ ბენზინგი (17 ქულა). რაც შეეხება უკრაინას – ყველაზე შედეგიანი ალექსანდრ მიშულა გამოდგა: 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი.
გერმანია – უკრაინა 75:63 (9:16, 30:17, 19:14, 17:16)
გერმანიის ნაკრები მეორე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება. ეს შეხვედრა 2 სექტემბერს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. უკრაინა კი ამავე დღეს იტალიის ნაკრებთან მოსინჯავს ძალებს.