ფეხბურთი

17:28 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაწაძემ “ვიბორგი” დატოვა და “სილკებორგთან” ახლოსაა

ქართველი ფორვარდი მათე ვაწაძე “სილკებორგში” გადასვლასთან ახლოსაა. დანიური გამოცემების ცნობით, “სილკებორგს” ორი შემტევი ალექსი და გუსტაფ ნილსონი დაშავებული ჰყავს და მათ შემცვლელად სწორედ ქართველი მოაზრება.

საქმე ისაა, რომ ვაწაძე უკვე თავისუფალი აგენტია. “ვიბორგთან” ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა – ეს ინფორმაცია დანიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა:

“მიუხედავად იმისა, რომ “ვიბორგში” მოკლე პერიოდი ვიყავი, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მინდა, კლუბს მომავალში წარმატებები ვუსურვო”, - ციტირებს დანიური კლუბის ვებგვერდი ვაწაძის სიტყვებს.

კომენტარი “ვიბორგის” სპორტულმა დირექტორმა იესპერ ლასენმაც გააკეთა:

“სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა ოცნების ასრულების ამბავი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო გამოსავალი ორივე მხარისთვის კონტრაქტის გაწყვეტა იყო. მათეს სამომავლო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ”, დასძინა ლასენმა.

მათე ვაწაძე “ვიბორგს” მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, მაგრამ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა – მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. რაც შეეხება “სილკებორგს” – აქ უკვე თამაშობს ერთი ჩვენებური – დავით სხირტლაძე. მთავარი მწვრთნელი კი, პეტერ სორენსენია, რომელიც ვაწაძესთან ერთად “ორჰუსში” მუშაობდა და მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.

სხვათა შორის, სწორედ ამ კლუბში ედგა მათეს საუკეთესო პერიოდი: 2012-2016 წლებში 28 წლის ფეხბურთელმა “ორჰუსის” რიგებში ჩატარებულ 77 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა.

0.119438