ძიუდო

15:22 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზებედა რეხვიაშვილმა მედლის შანსი მერვედფინალში დაკარგა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მედლების მორიგი ორი კომპლექტი უნდა გათამაშდეს. მამაკაცებს შორის საპრიზო სამეულები 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეივსება, ხოლო ქალებში – 63 კილოგრამში. საქართველოს ნაკრებისთვის კი დღევანდელი დღე წარუმატებელი გამოდგა.

მსოფლიოს კონკურენციაში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) ჩაერთო, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას დილის პროგრამაში გამოეთიშა.

81 კილოგრამის სატურნირო ბადეში სულ 66 სპორტსმენი გადანაწილდა. 26 წლის ქართველი ძიუდოისტი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ურუგვაის ნაკრების წევრი ალან აბრაჰამიანი წუთსა და 40 წამში დააგდო ბეჭებზე. მეორე მეტოქესთან - ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ საფინალო გონგამდე ოციოდ წამით ადრე თავად შეასრულა ვაზარი და შეხვედრა "ოქროს დროში” გადაიყვანა. იქ კი რეხვიაშვილი საშინლად დაიღალა და ალბათ შეხვედრის მოსაგებად ძალა აღარ ეყოფოდა, რომ არა მსაჯის მიერ დრუზეტას გაფრთხილება მეოთხე დამატებულ წუთზე.

მერვედფინალში ზებედა რეხვიაშვილი ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს დაეჭიდა, რომელთანაც წლეულს, პარიზის გრან სლემის ფინალში დამარცხდა. მას შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ეკატერინბურგის გრან სლემზე, რეპეშაჟის ფინალში აიღო რევანში და ურთიერთშეხვედრების ბალანსიც გაათანაბრა. ამჯერად კი ისევ ჩამორჩა – დე ვიტმა მომგებიანი ვაზარი შეხვედრის ბოლო წამზე შეასრულა.

ხვალ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ქალთა 70 კილოგრამში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ კი ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ) და ნინო ოძელაშვილი (70 კგ) იჭიდავებენ.

0.115527