კალათბურთი

14:58 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: ევროპას ლიტვით ვიწყებთ

დღეს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი იწყება. ოთხ ქვეყანაში - თურქეთში, ისრაელში, ფინეთსა და რუმინეთში სტარტს აიღებს ევრობასკეტ 2017, რომელიც ორწლიანი პერიოდულობით ბოლოჯერ ტარდება. შემდეგი კონტინენტური პირველობა 2021 წელს გაიმართება და როგორი სისტემით ჩატარდება, ჯერ უცნობია.

ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ისრაელისკენაა მიმართული, სადაც ლიტვასთან, გერმანიასთან, ისრაელთან, იტალიასთან და უკრაინასთან ერთად B ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრები იასპარეზებს. ამ 6 გუნდიდან ერთი წრის -ანუ ერთმანეთში გამართული თითო მატჩების შემდეგ საუკეთესო 4 შემდეგ ეტაპზე გავა.

გათამაშების სისტემის თანახმად, ჯგუფურ ეტაპს მოსდევს პლეი ოფი. ანუ როგორც ისრაელის, ისე რუმინეთის, თურქეთის და ფინეთის ჯგუფებიდან გასული ჯამში 16 გუნდი თავს სტამბოლში მოიყრის და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს.

სწორედ მერვედფინალში გავიდა საქართველოს ნაკრები გასულ - 2015 წლის ევრობასკეტზე და პლეი ოფში დიდი ბრძოლა გადაიტანა ლიტვასთან, რომელიც დღეს, ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ჩვენი მეტოქეა. 2015 წლის მერვედფინალი და ყველა ამხანაგური მატჩი, ერთის გარდა, ლიტველებმა ქართველებს მოუგეს. ეს გამონაკლისი მატჩი 25 დღის წინ, ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გაიმართა, სადაც საქართველომ მასპინძლებს 71:68 სძლია.

სწორედ კლაიპედაში და შემდეგ ათენში სერბეთთან და საბერძნეთთან მოგებული ამხანაგური მატჩები უმაღლებს საქართველოს პრესტიჟსა და შანსებს დღევანდელ მატჩში. ილიას ზუროსის ნაკრები ბოლო წლებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე პრიზიორთა შორის მყოფ ლიტვასთან უპირობო აუტსაიდერად არ მიიჩნევა. ცხადია, მეტი ავანსი ბალტიისპირელებზე გაიცემა, თუმცა სხვაობა დიდი არ გახლავთ.

5 აგვისტოს ქართველებთან წაგებული მატჩისგან განსხვავებით ლიტვის ნაკრებს 3 უძლიერესი მოთამაშე ჰყავს: იონას ვალანჩუნასი, მანტას კალნიეტისი და იონას მაჩიულისი. სამაგიეროდ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა კიდევ ერთი ვარსკვლავის - დონატას მოტეიუნასის თამაში, რომელიც, მატჩის დღე გათენდა და, ისრაელში ჯერაც არ ჩამოსულა. მოტეიუნასი დატბორილ და ქარიშხლიან ჰიუსტონში იმყოფებოდა, სადაც მისმა მეუღლემ იმშობიარა და კალათბურთელმა სტიქიის გამო ქალაქიდან დროულად გამოფრენა ვერ მოასწრო. ლიტველ ფორვარდს თელ ავივში დღეს, ნაშუადღევს ელოდებიან და ძალიან მცირეა შანსი, რომ ოკეანგაღმიდან ჩამოფრენილი, გუნდთან უვარჯიშებელი და ნანერვიულები კალათბურთელი პირდაპირ ქართველებთან საბძოლველად მოედანზე გაიყვანონ.

“ნამდვილად ვერ გეტყვით, ხვალ რა მდგომარეობაში ვიქნებით. მოტეიუნასი დროულად ჩამოსვლას მოასწრებს თუ არა, ამის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია. ფაქტია, რომ ახლა 11 კალათბურთელით ვვარჯიშობთ და ამ მდგომარეობასთან შეგუება გვიწევს”, - მღელვარებას არ მალავს ვალანჩიუნასი, რომელსაც ქართველთა მიერ მოსამზადებელ ციკლში ნაჩვენები შედეგები მხედველობოდან არ გამორჩენია.
“საკონტროლო თამაშებში დაფიქსირებული ანგარიშები ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა და ჩვენი დამარცხებაც მოახერხა. სხვა საქმეა, რომ გუნდების ნამდვილი შესაძლებლობები ევრობასკეტზე წარმოჩინდება და ახლა, სრული მობილიზების დროა”.

საქართველოს ნაკრებში საბრძოლო განწყობაა. ზაზა ფაჩულიას ტრავმა აღარ აწუხებს და ილიას ზუროსის გადასაწყვეტია, თუ რამდენხანს ათამაშებს ნბა-ს მოქმედ ჩემპიონს. ფეხი ოდნავ აწუხებს გოგა ბითაძეს, რომელსაც, თუკი საჭირო გახდა, მოედანზე გასვლაში ტრავმა ხელს ვერ შეუშლის.

ჩემპიონატის გახსნამდე საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში 30 აგვისტოს, თელ ავივ არენაზე გაიმართა. ქართველთა ვარჯიშის დროს დარბაზში მივიდა თელ ავივის მერი, რონ ჰიულდაი, რომელსაც ორგანიზატორებმა არენაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს, საქართველოს ვარჯიშზე შეახედეს და ევრობასკეტ 2017-ის პრომო ატრიბუტიკა - კეპი, ზურგჩანთა, მაისური და სხვა წვრილმან-მსხვილმანი აჩუქეს.

ვარჯიშის დაწყებამდე გაიმართა ტრადიციული ფოტოსესია, რომელიც ყველა ევრობასკეტს წინ უძღვის. ფიბა-ს წარმომადგენლები საკუთარი ვებ-გვერდისთვის, ღონისძიების ჟურნალისთვის, სატელევიზიო ტიხრებისთვის და სხვადასხვა სარეკლამო ამბისთვის მოთამაშეთა ფოტო და ვიდეო პროფილებს იღებენ.

დღეს ევრობასკეტი იწყება. საქართველო ჯგუფის უმთავრესი ფავორიტით იწყებს. დღევანდელი მატჩის მოგება უდიდესი ჰანდიკაპი იქნება ჩვენი გუნდისთვის. თუ არადა, წინ ჯგუფის კიდევ 4 თამაშია. ილიას ზუროსი და მისი რაზმი საბრძოლველად მზადაა და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე - თელ ავივის კალათბურთისთვის ზედგამოჭრილ არენაზე გადაწყდება, სადაც ქართველი გულშემატკივრები საკმარისად იქნებიან და ლიტვა-ისრაელთან თუ ვერა, ჯგუფის დანარჩენ ოპონენტებთან მატჩებში უმცირესობაში ალბათ არ იქნებიან.

gbf.ge

0.1842