ფეხბურთი

11:55 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას ინგლისური შანსი 

ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება და ბრიტანული თუ რუსული გამოცემების ცნობით, არის შანსი ამ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ.

როგორც იცით, გუშინ ბრიტანულმა გამოცემებმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრალური მცველის სოლომონ კვირკველიას მიმართ ინგლისური კლუბების დაინტერესების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. საუბარია “ლესტერზე”, “კრისტალ პალასზე” და “ვესტ ბრომვიჩზე”, რომლებიც მზად არიან ტრანსფერში 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

დღეს, რუსულ პრესაში ერთ-ერთი აქტუალური განსახილველი თემა სწორედ კვირკველიას შესაძლო ტრანსფერია. მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება ოფიციალურ დონეზე, ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუმცა როგორც გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” წერს, ამ კლუბების სკაუტები ქართველს დიდი ხანია აკვირდებიან და თუკი ინგლისელები იაქტიურებენ, დიდია ალბათობა “ლოკომოტივთან” საერთო ენა გამონახონ, მიუხედავად იმისა, რომ კვირკველია იური სიომინის გუნდის საკვანძო ფიგურაა.

მოსკოველებს სატრანსფერი ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე მოთამაშის დამატება სურთ, მათ შორის გამორჩეულია “ზენიტიდან” არტიომ ძიუბას შეძენის საკითხი, რომლის ტრანსფერისთვის დამატებითი თანხის გამოყოფაზე “ლოკომოტივის” დირექტორთა საბჭო უარს ამბობს. ამასთან, კლუბს გარკვეული სურთულე ექმნება ფინანსური ფეირ პლეის დაცვის მხრივ. კვირკველიას ინგლისში გაშვების შემთხვევაში კი, მოსკოველები იმაზე ექვსჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე ცოტა ხნის წინ ქართველი მცველის ტრანსფერში ყაზანის “რუბინს” თავად გადაუხადეს და ეს მათ წინაშე სადღეისოდ არსებულ ყველა პრობლემას გადაჭრის.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია ამჟამად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ირლანდიასთან და ავსტრიასთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება.

0.115744