კალათბურთი

20:46 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ლიტვის დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ ლიტვასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია, თუმცა მათი დამარცხება ნამდვილად შეიძლება.

“ძალიან მნიშვნელოვანია კარგი დასაწყისი. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ხუთი თამაში გვაქვს ჩასატარებელი – 5 თამაშიანი სერიაა. სათითაოდ უნდა მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის, რადგან ჩვენი მეტოქეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ერთნაირ კალათბურთს ვერ ვითამაშებთ. ამ ეტაპზე მთლიანად ლიტვის ნაკრებზე ვართ კონცენტრირებულნი – ვფიქრობ, მზად ვარ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც. ვნახოთ, 40 წუთის განმავლობაში საინტერესო თამაში იქნება.

თავს უკეთესად ვგრძნობ თავს. ყველა ვარჯიში გამოვიყენე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევსულიყავი ფორმაში. დანარჩენი უკვე თამაშებში გამოჩნდება თუ რა დონეზე.

წინა ჩემპიონატს თუ გავიხსენებთ, ძალიან ცუდი დასაწყისი გვქონდა, ჰოლანდიასთან დავმარცხდით, თუმცა ბოლო ორი მატჩი მოვიგეთ და გავედით შემდეგ ეტაპზე. ამიტომ აღვნიშნე, რომ ეს არაა ერთთამაშიანი ტურნირი, არამედ 5 მატჩიანი ციკლია. მაგრამ, ყოველთვის შეგიძლია, რომ სიურპრიზებით დაიწყო და მოულოდნელი გააკეთო. ლიტვის ნაკრები ძალიან ძლიერია, თუმცა მათი დამარცხება მოულოდნელობა არ უნდა იყოს ჩვენთვის, ეს ნამდვილად შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ამას მონდომება, უკეთესი თამაში უნდა, ვიდრე მოწინააღმდეგე ითამაშებს”, - თქვა ზაზამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ლიტვას 31 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაუპირისპირდება.

0.118425