საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“გუნდი კარგადაა მომზადებული. ზაზა ყველაფერს აკეთებს, რომ დაბრუნდეს. ტრავმის შემდეგ დრო სჭირდება თავისი რიტმი რომ იპოვოს. ის დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეა და გუნდს აუცილებლად დაეხმარება. მან იცის თუ რა გვჭირდება ახლა მისგან. ჩვენს გუნდს ბოლო დროს კარგი შედეგები აქვს, მაგრამ ახლა ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ. მსოფლიოს ტოპ გუნდებს უნდა დავუპირისპირდეთ და მათთან აგრესიული თამაში გვმართებს. დაცვაში თამაში აშკარად გამოვასწორეთ, განსაკუთრებით ეს სერბეთის და საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩებში გამოჩნდა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაშში კონკურენტუნარიანები ვიყოთ. პირველი მატჩი ლიტვასთან ამხანაგური იყო, ახლა კი სხვანაირი თამაში იქნება და ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ ამისთვის”- განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბრისას ილიას ზუროსმა.
ევრობასკეტ 2017-ის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ლიტვას დაუპირისპირდება, მატჩი 31 აგვისტოს თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.