ფეხბურთი

23:38 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები: პირველი ვარჯიში და არასრული შემადგენლობა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოახლოებული მატჩებისთვის მზადება დაიწყო. როგორც სფფ-ის ვებგვერდი გვმაცნობს, ეროვნული ნაკრები სასტუმრო “ჰუალინგში” განთავსდა და პირველი ვარჯიში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე ჩაატარა, რომელშიც 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და ჯაბა ჯიღაური – ისინი გუნდთან ერთად ვარჯიშს უკვე ხვალ, 29 აგვისტოს შეძლებენ.

თავის მხრივ, ირლანდიასთან მატჩის მზადების პროცესში პირველი ვარჯიში გაუცდათ ჯიმი ტაბიძესა და გიორგი ლორიას – მათ მცირე ტრავმები აწუხებთ და სამედიცინო შტაბის დაკვირვების ქვეშ არიან. გარდა ამისა, ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით ნაკრებს “დინამოს” კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილიც შეუერთდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, თბილისში, 20:00 საათზე ირლანდიის ნაკრებს დაუხვდება, ხოლო სამი დღის თავზე ვენაში, ავსტრიის ნაკრებთან მოსინჯავს ძალებს.

გულშემატკივრებს კი მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება, როგორც “დინამო არენას” სალაროებში, ისე ონლაინ რეჟიმში. აქვე გეტყვით, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ ბორჯომს.

აქვე, შეგახსენებთ საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო და ვიდეო მასალა

0.171371