ფეხბურთი

20:01 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგა განახლდა

26-27 აგვისტოს, ზაფხულის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ თბილისის ლიგა განახლდა.

თბილისის უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველ თამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უმაღლესი ლიგის შარშანდელი გამარჯვებული „კვარტალი“ და მოყვარულთა თასის მფლობელი „სეუ“. მატჩი მეტად საინტერესო და დრამატული გამოდგა. საბოლოოდ, კაცნაკლულმა „კვარტალმა“ მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა (2:2) და ქულა მოიპოვა. დანარჩენ მატჩებში გათამაშების ლიდერებმა დაგეგმილი ქულები აიღეს. ხოლო, ყველასათვის მოულოდნელად, თბილისის უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანმა „ბასკიმ“ 1:0 სძლია „დიდუბეს“ და პირველი გამარჯვება მიითვალა.

სენსაციურად განახლდა თბილისის პირველი ლიგა, გათამაშების მეორეადგილოსანი „პლატინუმი“ დამარცხდა „ტაბახმელასთან“, რომელსაც ამ ტურამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა. „პლატინუმის“ წაბორძიკებით ისარგებლა გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა - „დადიანმა“, რომელმაც დაგეგმილი 3 ქულა მიითვალა და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე აწია. საინტერესო გამოდგა თბილისის პირველი ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი მე-4 ადგილზე მყოფ „ქომაგებსა“ და მე-5 ადგილზე მყოფ „არისტოკრატებს“ შორის, რომელიც „არისტოკრატების“ გამარჯვებით დასრულდა და ეს გუნდი გათამაშების ცხრილში ერთი პოზიციით დაწინაურდა. დანარჩენ მატჩებში ფავორიტებმა დაგეგმული ქულები მიითვალეს.

თბილისის უმაღლესი ლიგისა და პირველი ლიგის მომდევნო ტური გაიმართება 2-3 სექტემბერს.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტპორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.

საქართველოს სამოყვარული ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

0.273811