ფეხბურთი

18:54 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სინიშა მიხაილოვიჩი ასისტენტებმა არასწორი შეცვლის გამო გააგიჟეს (+VIDEO)

ვისაც ფეხბურთის ყურების 20-25-წლიანი სტაჟი აქვს, კარგად ეხსომება ფეხბურთელი სინიშა მიხაილოვიჩი - სერბი სიფიცხით ყოველთვის გამოირჩეოდა და ამჯერად, უკვე მწვრთნელის რანგშიც გამოავლინა ჩვეული ხასიათი. სერია A-ს მეორე ტურში "ტორინო" "სასუოლოს" მასპინძლობდა და სერბმა თავის ასისტენტებს, ატილიო ლომბარდოსა და ლუკა კასტელაცის 82-ე წუთზე შეცვლის გაკეთება დაავალა.

მიხაილოვიჩის განზრახვა ნახევარმცველ ჟოელ ობის ნაცვლად ამავე პოზიციის მოთამაშის აკქუას თამაშში ჩართვა იყო, თუმცა ასისტენტებს შეეშალათ და აკქუა მოედანზე ტომას რინკონის მაგივრად შევიდა.

ამან, პატივცემული სინიშას გაცოფება გამოიწვია და ჯერ კასტელაცის მივარდა, მერე რინკონს მოედანზე დაბრუნებისკენ მოუწოდა, თუმცა უკვე გვიანი იყო - მსაჯებმა ამის უფლება ვენესუელელს აღარ მისცეს. ბოლოს განრისხებული მიხაილოვიჩი ლომბარდოს ეტაკა - მოკლედ, ერთი ამბავი იყო ტურინში.

საინტერესოა, რომ იმ დროისთვის "ტორინო" 1:0 იგებდა, ხოლო საბოლოოდ 3:0 მოიგო. მესამე გოლი კი, სწორედ იმ ობიმ გაიტანა, რომელიც მოედანზე ლომბარდოსა და კასტელაცის დაუდევრობით დარჩა... თამაშის შემდეგ სინიშა მიხაილოვჩმა თავის ასისტენტებს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

რა გაეწყობა, ასეთია მიხაილოვიჩი - აქამდე გვინახავს და მომავალშიც ვნახავთ...

0.113943