ჭიდაობა

1:00 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების ახალი მწვერვალი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა. პარიზში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე, გენო პეტრიაშვილის (125 კგ) ტრიუმფის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზურაბ იაკობიშვილიც (65 კგ) დაეუფლა. სულ კი, გიორგი იანტბელიძის გუნდმა ფრანგული ხალიჩიდან სამი მედალი გამოიტანა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61 კგ) 2017 წლის უმთავრესი შეჯიბრება მესამე საპრიზო ადგილით დაასრულა.

ზურაბ იაკობიშვილი პარიზში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში ჩავიდა. მაისში, სერბეთში გამართულ ევროპირველობაზე, უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ ილიას ბეკბულატოვთან მარცხით. მას შემდეგ, რუსთა გუნდში პირველი ნომერი ალან გოგაევი გახდა და მსოფლიოს ხალიჩაზე ქართულ-რუსული გზები ისევ ნახევარფინალში გადაიკვეთა. იაკობიშვილმაც, ბეკბულატოვის ჯავრი გოგაევზე იყარა და ფრედ (3:3) დასრულებულ ბრძოლაში დამატებითი მაჩვენებლით - შეხვედრის მიწურულს შესრულებული ორქულიანით იმარჯვა.

25 წლის ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალამდე ორი მეტოქე ჩამოიშორა - ინდოელ ბაირანგ ბაირანგს 6:5 სძლია, ხოლო თურქ მუსტაფა კაიასთან წმინდა გამარჯვება იზეიმა. საჩემპიონო შეხვედრაში კი იაკობიშვილი პოლონეთის ნაკრების წევრს, ევროპის შარშანდელ ჩემპიონს (70 კილოგრამში), მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა და გაფრთხილებით დაკარგულ ერთ ქულას ორქულიანი ილეთით უპასუხა. საფინალო სირენის შემდეგ კი სამსაჯო მაგიდისგან კიდევ ერთი ქულა მიიღო, პოლონელი მწვრთნელების უსაფუძვლო პროტესტისთვის – 3:1.

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და მათგან ორში საქართველოს ნაკრების წევრებს პოდიუმამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ – ზურაბ ერბოწონაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ.

ერბოწონაშვილი წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა და პირდაპირ მერვედფინალით დაიწყო, სადაც ჩინელ ჰაირი ჰაირის ძალიან ადვილად გაუსწორდა (11:0). მეოთხედფინალში კი ამერიკელ ჯეიმს მალკოლმ გრინთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (2:3) და ცოტა ხანში რეპეშაჟში გადაერთო, მას შემდეგ, რაც გრინმა შემდეგი შეხვედრაც მოიგო და ფინალში გავიდა.

ზურაბ ერბოწონაშვილმა ბრინჯაოს ნახევარფინალში კოლუმბიელ ნესტორ ხუაკინ ტაფურ ბარიოსს აჯობა (7:6). გადამწყვეტ ბრძოლაში კი იაპონელ იუჰი ფუჯინამისთან ვერაფერს გახდა (0:11).

ელიზბარ ოდიკაძეც (97 კგ) მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა ძირითად ბადეს. მისთვის დაუძლეველი ზღუდე ევროპის და მსოფლიოს ორ-ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი აღმოჩნდა (ოდიკაძემ 0:10 წააგო). რუსეთის ნაკრების 21 წლის ყოჩმა ყველა ჩამოთვლილი ტიტული 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. 97 კილოგრამში კი წლეულს აინაცვლა და დილის პროგრამაში ამ წონაშიც იფავორიტა. ფინალში კი, თანამედროვე ჭიდაობის კიდევ ერთ სუპერვარსკვლავთან – მსოფლიოს (2015) და ოლიმპიურ (2016) ჩემპიონთან, ამერიკელ კაილი სნაიდერთან დრამატულ დაპირისპირებაში 5:6 დამარცხდა.

სადულაევთან დაჭიდებამდე ელიზბარ ოდიკაძემ ძირითად ბადეში ევროპის 2013 წლის ჩემპიონის – უკრაინელი პავლო ოლეინიკის ძლევა (8:0) მოასწრო. რეპეშაჟშიც ორი შეხვედრა გამართა. კუბელ რეინერის სალას პერესს 8:6 სძლია. "ბრინჯაოს ფინალში” კი ევროპის (2008) და მსოფლიოს (2007) ჩემპიონ გიორგი კეტოევთან ფრედ – 2:2 იჭიდავა და დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებით მესამე საპრიზო ადგილი კეტოევმა დაიკავა.

დღესვე, ქართული დროშის ქვეშ, მსოფლიოს კონკურენციაში ჯუმბერ ყველაშვილიც (74 კგ) ჩაება, მაგრამ პირველსავე წრეში წააგო უზბეკ ბეკჟოდ აბდურახმონოვთან (0:10) და რეპეშაჟის გზაც მალევე ჩაეკეტა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. უძლეველი სადულაევის მარცხით იმედგაცრუებულ რუსებს კი სანერვიულოდ ისიც დაემატათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გუნდურშიც ჩამორჩნენ და მეორე საფეხურს დასჯერდნენ.

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

პარიზი

25-26 აგვისტო

57 კგ

1 იუკი ტაკაჰაში (იაპონია)

2 ტომას პატრიკ გილმანი (აშშ)

3 ბეხბაიარ ერდენებატი (მონღოლეთი)

3 ანდრეი იაცენკო (უკრაინა)

61 კგ

1 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

2 ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი)

3 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

3 იოვლის ბონე როდრიგესი (კუბა)

65 კგ

1 ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო)

2 მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)

3 ალეხანდრო ენრიკე ვალდეს ტობიერი (კუბა)

3 ალან გოგაევი (რუსეთი)

70 კგ

1 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

2 ჯეიმს მალკოლმ გრინი (აშშ)

3 აკჟურეკ ტანატაროვი (ყაზახეთი)

3 იუჰი ფუჯინამი (იაპონია)

5 ზურაბ ერბოწონაშვილი (საქართველო)

74 კგ

1 ჯორდან ერნესტ ბაროუზი (აშშ)

2 ხეთიკ ცაბოლოვი (რუსეთი)

3 ალი შაბანაუ (ბელარუსი)

3 შონერ დემიტრაში (თურქეთი)

86 კგ

1 ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატი (ირანი)

2 ბორის მაკოევი (სლოვაკეთი)

3 ჟდენ მაიკლ ტბორი კოქსი (აშშ)

3 ვლადისლავ ვალიევი (რუსეთი)

97 კგ

1 კაილი ფრედერიკ სნაიდერი (აშშ)

2 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

3 გიორგი კეტოევი (სომხეთი)

3 ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი)

5 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

125 კგ

1 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

2 ტაჰა აკგული (თურქეთი)

3 ლევან ბერიანიძე (სომხეთი)

3 ნიკოლას ედვარდ გვიაზდოვსკი (აშშ)

ზურაბ იაკობიშვილი, გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი,

0.122907