ჭიდაობა

17:46 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი მსოფლიოს ოქროს მიუახლოვდა, ხინჩეგაშვილი – რეპეშაჟში გადაერთო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება. ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) კი მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.

დღესვე მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ ორ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები ქართველების გარეშე შეივსება. გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან ხალიჩაზე ბექა ლომთაძე (57 კგ) და დავით ხუციშვილი (86 კგ) გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ და რეპეშაჟის გზაც მალევე ჩაეკეტათ, რადგან მათი მძლეველები ფინალამდე ვერ მივიდნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

0.114207